"გეკეთებინა, თუ რაღაც შეგეძლო" - კობიაშვილმა ძმებ არველაძეებს შეუტია

12-09-2021, 23:07

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დღეს ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "სპორტი იმედზე" იმყოფებოდა, სადაც მან საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები მიმოიხილა.

გარდა უშუალოდ "ჯვაროსნების" შეფასებისა, კობიაშვილმა ერთი, მეტად საინტერესო განცხადებაც გააკეთა.

"წააგებს ნაკრები და ჩამწკრივდებიან, კომენტარებს აკეთებენ... აქ არ იყავით წლების განმავლობაში? გეკეთებინა, თუ რაღაც შეგეძლო... ერთი მოედანი არ გაგიკეთებია, დადიხარ და რაღაცებს პროფესორობ. პრობლემა კი არ მაქვს, უნდა აკრიტიკო, მაგრამ შემოგვთავაზე, თუ შეგიძლია, მოდი და იმუშავე... დგახარ, რაღაცებს პროფესორობ... შეკრება, ანტალია... თუ გინდა, გეუბნებიან, მოდი და იმუშავე. ხან რა მიზეზებს ედებიან, ხან რას. მიხედე რა შენს საქმეს", - ბრძანა კობიაშვილმა.

დიდი ალბათობით, კობიაშვილმა ამ განცხადებით კბილი ძმებ არველაძეებს გაკრა, რომლებმაც ეროვნული გუნდი სასტიკად გააკრიტიკეს.

აქვე, გთავაზობთ არველაძეების განცხადებებს, რომლებიც მათ adjarasport-თან ინტერვიუში გააკეთეს.

აჩი არველაძე:


"არასდროს გამოვირჩევი მწვავე და კრიტიკული განცხადებებით, მით უმეტეს, ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში, მაგრამ მგონია, რომ ასეთი წარუმატებლობა და ასეთი თამაში მეც მეხება.
ალბათ პირველად ვიქნები ასეთი კატეგორიულად განწყობილი - მინდა ვთქვა, რომ ვიღაცებს მისამართი ეშლებათ, ან ვერ ხვდებიან სად არიან. წარმოუდგენელია, როცა ნაკრებში მუშაობ, თავს უფლება მისცე და ისე მოიქცე, როგორც მწვრთნელი ანტალიაში, საკლუბო შეკრებების დროს იქცევა! როგორ შეიძლება ამდენი ფეხბურთელის თამაში და დებიუტი ასეთ მოკლე დროში, ასეთ მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებში?"

შოთი არველაძე:

"ეს სექტემბერი იყო სრული კატასტროფა, ეს არაფერში ჯდება. შენ თითქოს არაფერი დაგიწყია და ეს ყველაფერი ცუდი იმიტომაა, რომ იმედი აღარ გაქვს. შემდეგ ოფიციალურ თამაშში მოტივაცია არის ნული. რაღაცას რომ ვამუშავებდეთ, სანიოლის მოსვლის დღიდან ვთამაშობდეთ რაღაც მიმართულებით, რაღაც სქემას რომ ბოლომდე ცდიდეს, გასაგები იქნებოდა. ვხედავთ ინდივიდზე აწყობილ თამაშს და მორჩა. რა ხდება ასეთ დროს? ის საკვანძო ადამიანი ვერ ჩამოდის. ჩაკვეს 2 წელია არ უთამაშია. გამოდის, რომ თამაში არ გვაქვს."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში ჯერ კოსოვოსთან განიცადა მარცხი (0:1), მერე ესპანეთთან განადგურდა (0:4), ბოლოს კი ბულგარეთთან მოიჭრა თავი (1:4).

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით