სანიოლი: "მოპოვებული სამი ქულა ვთვლი, რომ ამის შედეგია"

13-10-2021, 11:24

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პრიშტინაში კოსოვოს ნაკრები დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 2012 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდეგ, "ჯვაროსანთა" მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ბათუმში კოსოვოსთან განცილი მარცხი ძალიან რთული იყო, რადგან ეს იყო მატჩი, რომლის მოგებაც ძალიან გვსურდა. საშინაო შეხვედრის წაგება ყოველთვის ძალიან ცუდია. დღეს მოპოვებული სამი ქულა ვთვლი, რომ ფეხბურთელების სწორი მუშაობის შედეგია.

რთული შეხვედრა გამოვიდა, რადგან კოსოვო საკუთარ მოედანზე მოწინააღმდეგეს ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ აქცევს. ფეხბურთელები სრულად მიყვნენ იმ სათამაშო გეგმას, რომელიც ამ მატჩისთვის დავსახეთ.

რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ მოთამაშეებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს და ბოლო წუთამდე იბრძოლეს. შეცვლაზე შემოსული ყველა ფეხბურთელი თამაშში კარგად ჩაერთო, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა.

შვედეთის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში კარგ მატჩს ველოდებით იმიტომ, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ბოლო თამაში იქნება. ამასთანავე ძალიან გვსურს, რომ სტადიონზე გულშემატკივრები ვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს მათი მხარდაჭერა ძალიან აკლიათ.

ამიტომ მინდა, რომ შვედეთის წინააღმდეგ ტრიბუნებზე ბევრი ადამიანი იყოს. რაც შეეხება ტაქტიკას, ახლა ამ თემაზე კონკრეტულად საუბარი ძალიან გამიჭირდება, რადგან იქამდე საკმაოდ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს"
, - ციტირებს სანიოლის სიტყვებს nakrebi.ge.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით