ქართველი ფეხბურთელების კომენტარები კოსოვოს დამარცხების შემდეგ

13-10-2021, 11:32

9-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამაჯვების მოპოვება კოსოვოს წინააღმდეგ მოახერხა.

ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილმა მე-11 წუთზე გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი წონასწორობა ვედატ მურიქიმ აღადგინა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.

შეხვედრის ბოლო წუთებზე, მოედანზე სათადარიგო სკამიდან შემოსულებმა, ირაკლი აზაროვმა (ასისტი) და ზურიკო დავითაშვილმა გამარჯვების გოლი შექმნეს.

მატჩის შემდეგ, ოქრიაშვილმა, დავითაშვილმა და გურამ კაშიამ მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

"მსურს იმ ტრაგედიით დავიწყო, რომელიც ბათუმში მოხდა. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს ძალიან რთული დღეები ჰქონდა. გვინდოდა ბათუმშივე გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი, მაგრამ, სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. დღევანდელი ჩვენი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანებს ეძღვნებათ. რაც შეეხება მოგებას და სამ ქულას, ბედნიერები ვართ, რადგან ამ მომენტს დიდ ხანს ველოდით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დავიმსახურეთ და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება", - თორნიკე ოქრიაშვილი.
"გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვქონდა, როდესაც სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს ასე გავაგრძელებთ", - ზურიკო დავითაშვილი.
"ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ", - გურამ კაშია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით