ვერეტუტი: "მოურინიომ ჩვენი მენტალიტეტი შეცვალა"

13-10-2021, 20:04

"რომას" ნახევარმცველმა ჯორდან ვერეტუტმა გასულ უქმეებზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო და ის უკვე საკლუბო ფეხბურთის განახლებაზე ფიქრობს.

ვერეტუტმა ინტერვიუ Sky Sports Italia-ს მისცა და "ჯალაროსის" ახალ თავკაც ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

"საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება ყველაზე საოცარი გრძნობაა.

ახლა კი "რომას" წინ რთული თვე ელის და იგი "იუვენტუსთან" დაპირისპირებით იწყება. გასულ სეზონში ვერცერთი დიდი კლუბის დამარცხება მოვახერხეთ და იმედი მაქვს, ეს შეიცვლება.

ჩვენ ყოველთვის გამარჯვება გვსურს და ტურინშიც ამ მიზნით წავალთ. გვყავს მწვრთნელი, რომელსაც თითქმის ყველაფერი აქვს მოგებული და განსხვავებას ეს ქმნის. "იუვენტუსთან" გასვლაზე მოგება მნიშვნელოვანი შედეგი იქნება.

მოურინიომ ჩვენი მენტალიტეტი შეცვალა. ვარჯიშზე ორჯერ უფრო მეტს ვშრომობთ, რათა ის კმაყოფილი დარჩეს. თუ ასე გავაგრძელებთ, შორს წავალთ.

გოლები უფრო ხშირად გამაქვს, მაგრამ უკეთაც შემიძლია. პენალტების დარტყმაზე ყოველდღე ვვარჯიშობ და ვცდილობ, რომ ბურთის ნიშნულზე დადების დროს სიმშვიდე შევინარჩუნო. ეს მეკარესთან ფსიქოლოგიური თამაშია. შენ აუღელვებელი უნდა იყო და არ აქვს მნიშვნელობა, ოდესმე დაუშვებ თუ არა შეცდომას,"
- თქვა ვერეტუტმა.

შეგახსენებთ, რომ "რომასა" და "იუვენტუსის" ჯახი 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ამ მატჩს რომაული გუნდი სერია ა-ს ცხრილის მეოთხე ადგილზე ხვდება, "ბიანკონერი" კი - მე-7 პოზიციაზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით