"მისი ადგილი სილესენმა დაიკავა, თუმცა" - რას წერენ გიორგი მამარდაშვილზე

24-10-2021, 23:46

დიდებული სტარტის შემდეგ, "ვალენსიას" საქმეები კატასტროფულად მიდის - "ღამურები" "მესტალიაზე" "მალიორკასთან" 93-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდნენ, მატჩი კი სასწაულებრივად, გონსალო გედეშისა და ხოსე გაიას გოლებით გადაარჩინეს - 2:2.

უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ესპანური კლუბის კარს ნიდერლანდელი იასპერ სილესენი იცავდა, რომელმაც მე-6 ტურის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი ჩაანაცვლა.

ნიდერლანდურმა გამოცემამ vi.nl-მა საკუთარი თანამემამულის თამაში შეაფასა და საინტერესო სტატისტიკაც მოგვაწოდა.

"მტკივნეულია, რომ სილესენის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, "ვალენსიამ" ერთი მატჩიც ვერ მოიგო.

გუშინ, "ღამურებმა "მალიორკასთან" ქულა გაჭირვებით მოიპოვეს. ეს შვება ვერ იქნება იასპერ სილესენისთვის, რომელმაც დაინახა, რომ გუნდის მოუგებელი სერია კვლავ გრძელდება.

"ვალენსიამ" სეზონი ახალი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის ხელმძღვანელობით დაიწყო და საწყის 4 ტურში 10 ქულა მოიპოვა. სეზონის სტარტზე გუნდის კარს არა სილესენი, არამედ 21 წლის ქართველი გიორგი მამარდაშვილი იცავდა.

"რეალთან" და "სევილიასთან" მარცხის შემდეგ, მისი ადგილი სილესენმა დაიკავა, თუმცა ამით ვითარება არ შეცვლილა. "ღამურებმა" ბოლოს 12 სექტემბერს გაიმარჯვეს, სილესენმა კი 4 მატჩში 6 გოლი გაუშვა", - წერს ნიდერლანდური გამოცემა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით