"გოლების გატანა მსიამოვნებს" - ჯონათან დავიდს "ლილი" ფლეიოფისკენ მიჰყავს

24-11-2021, 20:18

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი სენსაცია ფრანგული "ლილია", რომელიც 5 ტურში აღებული 8 ქულით G ჯგუფს ლიდერობს და მერვედფინალში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.

"ძაღლებმა" გუშინ ჯონათან დავიდის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლით "რედ ბულ ზალცბურგს" მოუგეს, რითაც შემდეგი სტადიისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

დავიდმა მატჩის მერე საინტერესო კომენტარიც გააკეთა.

"გოლების გატანა მსიამოვნებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების მოგებაა. თუ ჩემი შრომა და გოლები გუნდს ეხმარება, ბედნიერი ვარ. 

ძალიან კარგ ფორმაში ვარ, თუმცა მთავარი დამსახურება კოლექტიურ ძალისხმევას უნდა მიეწეროს, რადგან ჩემი თანაგუნდელები მაქსიმალურად ცდილობენ, რათა გოლის გასატანად საუკეთესო სიტუაციები შემიქმნან.

"ზალცბურგთან" შეხვედრა რთული და ინტენსიური გამოდგა. სწორედ ამას ითხოვს ჩემპიონთა ლიგა. ვიცოდით, რომ ძლიერები უნდა ვყოფილიყავით და ეს ბარიერი უნდა გადაგველახა, რაც შევძელით. თავდაპირველად ბურთს ჩვენ ვფლობდით, ისინი კი უფრო სახიფათო კონტრიერიშებით გვპასუხობდნენ. მიუხედავად ამისა, თამაშზე კონტროლის დაბრუნება მაინც მოვახერხეთ,"
- თქვა დავიდმა.

მართალია, "ლილი" ბოლო ტურს პირველ ადგილზე ხვდება, თუმცა ბოლო ადგილოსან "ვოლფსბურგთან" სხვაობა სულ 3 ქულაა, ამიტომ ჯერ მათ განაღდებული არაფერი აქვთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მათ უკანასკნელი შეხვედრა 8 დეკემბერს, "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ელოდებათ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით