ორი მატჩი 24 საათიან შუალედში - თორნიკე შენგელიას გმირობა

25-11-2021, 23:54

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ხვალ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება და მას უკრაინასთან მატჩით გახსნის.

როგორც ვიცით, ხვალინდელ ჯახში ილიას ზუროსის შეგირდებს ნაკრების უპირობო ლიდერი, თორნიკე შენგელია ეყოლებათ. არადა, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ეს წარმოუდგენელი ჩანდა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თოკომ რამდენიმე საათის წინ ევროლიგის მატჩი ითამაშა, სადაც მოსკოვის "ცსკა-მ" მიუნხენის "ბაიერნს" დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 77:73 მოუგო.

ამ შეხვედრაში ქართველმა მძიმე ფორვარდმა 12 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით გამოიჩინა თავი.

მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში შენგელია საქართველოსკენ ჩარტერული რეისით გამოემართება და თავის ნაკრებს შეუერთდება. მაშასადამე, გამოვა, რომ 24 საათის შუალედში მას ორ სხვადასხვა დაპირისპირებაში მოუწევს მონაწილეობის მიღება.

ცნობისთვის, საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად ქვეჯგუფში ესპანეთი და ჩრდილოეთ მაკედონიაც არიან. სწორედ ესპანეთში ელით გასვლა "ჯვაროსნებს" 29 ნოემბერს.

რაც შეეხება ხვალინდელ ჯახს, ის 19 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით