"სანამ ბავშვი არ დაიბადება, ერთ წვეთს არ დავლევო" - რას იხსენებს ზვიადაურის მეგობარი

1-12-2021, 23:24

ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ახლო მეგობარმა, გელა დაიაურმა მეტად საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"ჩვენ ბავშვობიდან ახლოს ვართ ოჯახებით. ამ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე ვისაუბრეთ. ბავშვს ელოდება და გახარებული მწერდა, ექსკლუზიურად ფოტოებს ჩაგიყრიო და ექოს ფოტოები გამომიგზავნა. სიმღერა თუ პოეზია, რაც ჩემთვის ძალიან ახლობელია, მასაც ძალიან უყვარს და ამით განსაკუთრებით ვახლობლობთ. ამ კაცს ხელოვნება უყვარს და მიუხედავად ფიზიკური მონაცემებისა, არასდროს ყოფილა კონფლიქტური. არ მახსოვს, ვინმე დაეჩაგროს ან ზედმეტი ეკადრებინოს. იუმორით სავსე ადამიანია, 24 საათი „მაიმუნობის“ ხასიათზეა, მხიარული ბიჭია. სპორტში ხომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მაგრამ ადამიანობითაც არ არის ნაკლები."


ამ ზაფხულს მთაში იყო გადმოსული და სახლის აშენება დაიწყო. ძალიან იყო შეცვლილი. მითხრა, დავიფიცე, სანამ ბავშვი არ დაიბადება, ერთ წვეთს არ დავლევო. დღეობაზე ხევსურები გადაეკიდნენ, დალიეო, მაგრამ არ დალია, ხატზე მაქვს დაფიცებული და ფიცს როგორ გავტეხო?! ბევრისთვის არ იყო ცნობილი, თურმე, ის და მისი მეუღლე ძალიან ბევრი წელი ელოდნენ შვილს. 2004 წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და იმ წელსვე დაოჯახდა. მას შემდეგ 17 წელია გასული. რაც გაიგო, რომ მამა გახდებოდა, ძალიან ბედნიერი იყო, სულ ამაზე ლაპარაკობდა. მარტში ელოდებიან შვილის დაბადებას," - განაცხადა დაიაურმა.

შეგახსენებთ, რომ ზვიადაური რამდენიმე დღის წინ სასამართლო დარბაზიდან 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ზვიადაურს ბრალი ამა წლის 16 აგვისტოს წინანდლის ტყეში მომხდარ გარჩევაში მონაწილეობასა და განზრახ მკვლელობაში ედება. ცნობისთვის, ამ ინციდენტს 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით