დეპაი წავა, მორატა მოვა - "ბარსელონა" ბოლო იერიშს ამზადებს

14-01-2022, 19:57

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ნახევარი უკვე გავიდა, თუმცა "ბარსელონასგან" საინტერესო სვლებს კვლავ უნდა ველოდოთ.

Sport-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ალვარო მორატას ტრანსფერისთვის უკანასკნელ იერიშს ამზადებს.

როგორც ირკვევა, "ატლეტიკოს", "იუვენტუსსა" და "ბარსას" შორის ჩასატარებელ ოპერაციაში მემფის დეპაიც ჩაირთვება.

გუშინ დაიწერა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" ნიდერლანდელის გასხვისებაზე მუშაობენ. დიდი ალბათობით, ის სწორედ მორატას "კამპ ნოუზე" მოყვანას შეეწირება.

ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, "ბარსაში" გადასვლის სურვილი თავად ალვაროსაც აქვს. 29 წლის ცენტრფორვარდი "იუვენტუსს" წნეხში ამყოფებს და კატალონიური
გრანდის მოქმედებებს ელოდება.

მნიშვნელოვანია ჩავი ერნანდესის ფაქტორიც, რადგან "ბლაუგრანას" თავკაცი მორატას შეძენას კატეგორიულად ითხოვს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ალვაროს მონაგარი 7 გოლსა და 3 ასისტს შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით