ალეგრი: ''ხვალ გამარჯვება აუცილებელია."

14-01-2022, 19:53

იტალიის სერია ას 22-ე ტურში ტურინის ''იუვენტუსი'' ''უდინეზეს'' უმასპინძლებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მაქსმა ''უდინეზე'' შეაქო: ''ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და თავს კარგად იცავს. რთული იქნება, მაგრამ გამარჯვება აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ."

''ბიანკონერის'' დამრიგებელმა ასევე დაანონსა, თუ ვინ იქნება ხვალ ''იუვეს'' ძირითადში: ''შესნი დაბრუნდება. დაცვაში დელიხტი და რუგანი ითამაშებენ, რადგან  ბონუჩის კუნთზე მცირე დაზიანება აქვს. კულუსევსკისა და ბერნარდესკიზე ჯერ არ გადამიწყვიტავს. დანილომ ვარჯიში განაახლა, თუმცა მატჩის ჩასატარებლად მზად არაა, განსხვავებით ლუკა პელეგრინისგან, რომელსაც ''უდინეზესთან'' მატჩში მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.''

ალეგრიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა პაულო დიბალაზე და აღნიშნა, რომ როცა იგი ტურინში ჩავიდა, ბავშვი იყო, ახლა კი მეტად მოწიფულია. იტალიელ სპეციალისტს დიდი იმედი აქვს, რომ ''იუვეს'' არგენტინელი შემტევი სეზონის მეორე ნახევარს უკეთესად ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ 15 იანვარს ''იუვე'' ''უდინეზეს'' უმასპინძლებს და მატჩი ჩვენი დროით 23:45-ზეა ჩანიშნული. გარდა ამისა, 15 იანვარს კიდევ ორი მატჩია ჩანიშნული: ''სამპდორია'' - ''ტორინო'' (18:00), ''სალერნიტანა''- ''ლაციო'' (21:00).

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით