ალფონსო დევისს გულის კუნთის ანთება დაუდგინდა

14-01-2022, 20:19

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა დაადასტურა, რომ ალფონსო დევისმა ვარჯიში გულის კუნთის ანთების გამო შეწყვიტა.

21 წლის ფლანგელს "რეკორდმაისტერის" მაისურით წელს არ უთამაშია, რადგან თვის დასაწყისში კოვიდ19 დაუდგინდა.

კანადელი ვირუსისგან განიკურნა და კლუბში სამედიცინო შემოწმებაც ჩაიტარა. სწორედ აქ გაირკვა, რომ კოვიდ19-ს ალფონსოზე თავისი კვალი დაუტოვებია.

ახალგაზრდა მოთამაშეს რამდენიმე კვირა გაუცდება. "ბაიერნში: ახლა მის მდგომარეობას აკვირდებიან და დევისის დაბრუნების სავარაუდო თარიღსაც მალე შევიტყობთ.

ვახსენოთ ისიც, რომ 3 კვირაში კანადის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის. არსებობს რეალური შანსი, დევისმა ამ შეხვედრებში მონაწილება ვერ შეძლოს, რაც კანადელთათვის უდიდესი დარტყმა იქნება.

ცნობისთვის, იანვარში კორონავირუსი "ბაიერნის" უკვე 9 ფეხბურთელს დაუდასტურდა. გუნდშიც, ისევე როგორც მთელ გერმანიაში, ვირუსი ფართოდ გავრცელდა. მიუხედავად ამისა, "რეკორდმაისტერმა" წინა პარასკევს მაინც შეძლო "გლადბახთან" მატჩის ჩატარება (1:2).

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით