ობლაკი: "სუპერთასის მოგება გვინდოდა, მაგრამ საკმარისი ვერ გავაკეთეთ"

14-01-2022, 20:25

საუდის არაბეთში გუშინ ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალი შედგა, სადაც მადრიდის "ატლეტიკო" ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდა - 1:2.

მიუხედავად იმისა, რომ "როხიბლანკო" ბასკების მიერ გატანილი ავტოგოლის წყალობით იგებდა, ხუთწუთიან მონაკვეთში გუნდმა ორი გოლი გაუშვა და ფინალს მიღმა დარჩა.

წაგებული შეხვედრის შემდეგ Movistar-ს ინტერვიუ "ატლეტიკოს" სლოვენიელმა გოლკიპერმა, იან ობლაკმა მისცა.

"სუპერთასის მოგება გვინდოდა, მაგრამ საკმარისი ვერ გავაკეთეთ.

"ატლეტიკს" წარმატებებს ვუსურვებ. მათ გაიმარჯვეს და ფინალში ყოფნას იმსახურებენ.

ჩვენ კარგი თამაში არ გვქონია. დაგეგმილი გვქონდა, რომ მეტოქე დაგვეპრესინგებინა და ბურთი მეტად დაგვეჭირა, რაც არ გამოვიდა.

გუნდში ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ. ეს რთული მომენტია, მაგრამ წინ სხვა მატჩებიც გველის. თავი მაღლა უნდა ავწიოთ, შეცდომები გამოვასწოროთ და განვვითარდეთ."
- თქვა ობლაკმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ატლეტიკ ბილბაოს" მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდება. გადამწყეტი შეხვედრა 16 იანვარს გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით