• 12-02-2024
    საკა: "სისხლის სუნი ვიგრძენით და ისინი აღარ დავინდეთ"
    საკა: "სისხლის სუნი ვიგრძენით და ისინი აღარ დავინდეთ"
    Author of the article
    Aa

    პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება ლონდონის "არსენალმა" მოიპოვა, რომელმაც თანაქალაქელ "ვესტ ჰემს" საგარეო მატჩში 6 უპასუხო გოლი გაუტანა.

    32-ე წუთამდე ანგარიში 0:0 გახლდათ, მომდევნო 15 წუთში კი "მეთოფეებმა" ერთბაშად 4 გოლი გაიტანეს. ჯერ ვილიამ სალიბამ გამოიჩინა თავი, ამას ბუკაიო საკას ზუსტი პენალტი მოჰყვა, მერე გაბრიელ მაგალაეშმა შეაგდო თავით, ტაიმი კი ლეანდრო ტროსარმა დააგვირგვინა. მეორე ნახევარში არტეტას ბიჭებმა კიდევ 2 გოლი დაამატეს - საკამ დუბლი შეასრულა, დეკლან რაისმა კი შორიდან გახვრიტა არეოლას კარი.

    შთამბეჭდავ სტილში მოგებული მატჩი ბუკაიომ Sky Sport-თან ინტერვიუში შეაფასა.

    "პირველ ტაიმში 4:0-ს ვიგებდით და მეტის გატანაც შეგვეძლო. დღეს სისხლის სუნი ვიგრძენით და აღარ დავინდეთ.

    ვიცოდით, რომ ეს დიდი მატჩი იყო, გამარჯვება და სატიტულო ბრძოლაში განაცხადის გაკეთება კი აუცილებელი გახლდათ. ვფიქრობ, როცა 6 გოლი გაგაქვს და კარს მშრალად ინახავ, შენი ამოცანა შესრულებულია.

    50-ე გოლი "არსენალის" მაისურით? რა თქმა უნდა, პირადი მიზნებიც მაქვს. ვიცი, რომ თანამედროვე მედიას ფეხბურთელების ერთმანეთთან შედარება ძალიან უყვარს. მე იმაზე ვარ ორიენტირებული, რომ სეზონის დასაწყისში დასახულ გზას გავყვე. წინ მივდივარ და გასაკეთებელი კიდევ ბევრი მაქვს," - თქვა 22 წლის ინგლისელმა, რომელსაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 7 ასისტი დაუგროვდა.

    აქვე გეტყვით, რომ "არსენალი" სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა და ლიდერ "ლივერპულს" 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს ლონდონელები "ბარნლის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

    Facebook კომენტარები