• 16-02-2024
    "რომში სხვა თამაში იქნება" - ლუკაკუ "ფეინოორდთან" ფრით კმაყოფილია
    "რომში სხვა თამაში იქნება" - ლუკაკუ "ფეინოორდთან" ფრით კმაყოფილია
    Author of the article
    Aa

    ევროპა ლიგაზე გუშინ წინასაპლეიოფო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. განსაკუთრებით საინტერესო შეხვედრა როტერდამში შედგა, სადაც "ფეინოორდი" "რომას" დაუზავდა, ანგარიშით 1:1.

    მასპინძლები პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში იგორ პაიქსაოს მიერ გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა 67-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ აღადგინა წონასწორობა. ბელგიელმა ცენტრფორვარდმა მძიმე ბრძოლაში წარმართული მატჩი Sky Sport Italia-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაფასა.

    "მოგება გვინდოდა, მაგრამ "ფეინოორდი" ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით ეს ბურთის ფლობაში გამოიხატება. როტერდამიდან შინ კარგი შედეგით დავბრუნდებით, განმეორებით მატჩში კი წარმატებისთვის ყველაფერს გავიღებთ. რომში სხვანაირი თამაში იქნება.

    ჩვენი ძალა იმაშია, რომ არასდროს ვნებდებით. სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ფეხბურთელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ "რომას" წარმატება ყველას თანაბრად გვინდა.

    ბოლო პერიოდი ცოტა რთული იყო, რადგან გოლები ვერ გამქონდა, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებდი. დღეს ცოტა გამიმართლა - ბურთს თავი კარგად ვერ მოვარტყი, თუმცა იქამდე მოძრაობა კარგი იყო.

    ზაფხულში "ჩელსიში" დავბრუნდები თუ "რომაში" დავრჩები? ამის ახლა განხილვა უაზრობაა. "რომას" დახმარებაზე ვარ ფოკუსირებული, დანარჩენს კი სეზონის ბოლოს ვნახავთ," - თქვა რომელუმ.

    შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ "ჯალაროსიში" "ჩელსიდან" მშრალი იჯარითაა გაშვებული. მიმდინარე სეზონში მას 16 გოლი აქვს გატანილი.

    რაც შეეხება "რომასა" და "ფეინოორდის" შემდეგ ჯახს, იგი 22 თებერვალს გაიმართება.

    Facebook კომენტარები