• 16-02-2024
    ლოფტუს ჩიკი: "მილანს" ევროპა ლიგის მოგება შეუძლია"
    ლოფტუს ჩიკი: "მილანს" ევროპა ლიგის მოგება შეუძლია"
    Author of the article
    Aa

    იტალიური "მილანი" ევროპა ლიგაზე წარმატებულად გადაერთო. ჩემპიონთა ლიგიდან დაქვეითებულმა "როსონერიმ" ევროპა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი ოფის პირველ მატჩში ფრანგულ "რენს" უმასპინძლა და დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

    შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი "შავ-წითლების" ინგლისელი ნახევარმცველი, რუბენ ლოფტუს ჩიკი გახლდათ, რომელმაც 32-ე და 47-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, რუბენის მეორე გოლიდან 6 წუთში კი რაფაელ ლეაუმაც შეაგდო.

    იოლად მოგებული შეხვედრა 28 წლის შუახაზელმა Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში შეაფასა.

    "მისია ჯერ არ არის შესრულებული. ვიცოდით, რომ დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ნახევარი საქმე გვაქვს გაკეთებული. ყოველთვის ვცდილობ, მოედანზე ყოფნით სიამოვნება მივიღო. ბევრს ვთამაშობ და თავს კარგად ვგრძნობ.

    ბევრ პოზიციაზე მითამაშია, თუმცა გამთამაშებლობა ყველაფერს მირჩევნია, რადგან მეტოქის კართან უფრო ახლოს ვარ. დღეს ორჯერ გავთავისუფლდი მეტოქეების მეურვეობისგან და ორი გოლი გავიტანე.

    შეგვიძლია თუ არა ამ ტიტულის მოგება? საამისო უნარები გვაქვს, მაგრამ მოდი ჯერ მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ. საპასუხო დაპირისპირებას კარგი უპირატესობით ვხვდებით," - თქვა რუბენმა.

    შეგახსენებთ, რომ "რენი" "მილანს" საპასუხო შეხვედრაში 22 თებერვალს უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები