• 18-02-2024
    საკა: "იმედია, ჰეთ თრიქსაც მალე შევასრულებ"
    საკა: "იმედია, ჰეთ თრიქსაც მალე შევასრულებ"

    ლონდონის "არსენალი" ფანტასტიკურ ფორმაში შევიდა. "მეთოფეები" გუშინ "ბარნლის" ესტუმრნენ და მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს, რომელთაგან ორიც ბუკაიო საკას ანგარიშზე გახლდათ.

    22 წლის ინგლისელისთვის ეს ზედიზედ მეორე დუბლი გახლდათ, მატჩისშემდგომ ინტერვიუში კი მან იმედი გამოთქვა, რომ ჰეთ-თრიქსაც მალე მიითვლის.

    "ძალიან კმაყოფილი ვარ. საკუთარი თამაშით სიამოვნებას ვიღებ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყურადღება არ უნდა გამეფანტოს.

    მახარებს, რომ ზედიზედ მეორე კვირაა, რაც დუბლს ვასრულებ. იმედია, ჰეთ-თრიქიც მალე მოვა.

    ვგრძნობ, რომ იგი მიახლოვდება. მხოლოდ მოთმინებაა საჭირო," - განაცხადა ბუკაიომ.

    საკას პროფესიულ კარიერაში ერთადერთი ჰეთ-თრიქი ინგლისის ნაკრებში აქვს შესრულებული. გასული წლის ივნისში მან ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კარი აიღო სამჯერ, "სამმა ლომმა" კი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ანგარიშით 7:0 მოიგო.

    პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ბუკაიოს მონაგარი 12 გოლი და 7 ასისტია.

    რაც შეეხება "არსენალს", მიკელ არტეტას გუნდი სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ "ლივერპულს" 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას "მეთოფეები" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ეგიდით, "პორტუს" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

    Facebook კომენტარები