• 20-02-2024
    კლოპმა დაადასტურა - ჟოტა რამდენიმე თვეს იუქმებს
    კლოპმა დაადასტურა - ჟოტა რამდენიმე თვეს იუქმებს

    "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გუნდის პორტუგალიელი თავდამსხმელი, დიოგუ ჟოტა რამდენიმე თვით იუქმებს. ამის მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელიც დიოგუმ "ბრენტფორდთან" მატჩში მიიღო.

    "თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ დიოგუს გამოჯანმრთელებას თვეები დასჭირდება.

    ძალიანაც რომ მინდოდეს, ზუსტ ვადას მაინც ვერ გეტყვით. როცა ეს ფეხბურთელები გაკლია, უაზრობაა კიდეც თქვა, რომ "კარგი, ისინი ამ თარიღამდე არ მეყოლებიან," - თქვა კლოპმა "ლუთონთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

    საზოგადოდ, "წითლებს" საკადრო პრობლემები გვარიანად აქვთ. "ბრენტფორდის" წინააღმდეგ დაზიანდნენ დარვინ ნუნიესი და კურტის ჯონსი, რომლებიც გუნდს ხვალ ასევე ვერ დაეხმარებიან. "ლუთონთან" დაპირისპირებას გამოტოვებენ მუჰამედ სალაჰი და ალისონი. გუნდი მოისაკლისებს ტრენტ ალექსანდრ-არნოლს, ტიაგო ალკანტარასა და დომინიკ სობოსლაისაც.

    შექმნილი მდგომარეობის შესახებ "სქაუზერების" მესაჭემ ასეთი რამ თქვა:

    "ძალიან გამიხარდებოდა, აქ რომ ვიჯდე და ვთქვა, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ პრობლემები ნამდვილად გვაქვს. ალისონს კუნთი აწუხებს და არ ვიცით, როდის დაბრუნდება, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. გამორიცხულია ჟოტას თამაში, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს. გამორიცხულია კურტისის თამაში, რომელსაც მყესი აქვს დაზიანებული. ტრენტი და დომინიკი დაბრუნებას უახლოვდებიან, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიში არ განუახლებიათ. ესე იგი, არც ისინი არიან ხელმისაწვდომნი.

    როგორც წინა მატჩის მერე ვთქვი, თუ 11 ფეხბურთელი მოგროვდება, ჩვენ მოსაგებად ვიბრძოლებთ. საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით."

    შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მეორეადგილოსან "არსენალს" 2 ქულით უსწრებს.

    Facebook კომენტარები