• 07-04-2024
    არტეტა: "ჰავერცს გუნდის თამაშზე უდიდესი გავლენა აქვს"
    არტეტა: "ჰავერცს გუნდის თამაშზე უდიდესი გავლენა აქვს"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალი" პრემიერ ლიგაში უკვე 10 მატჩია, რაც არ აგებს. "მეთოფეები" გუშინ "ბრაიტონს" ესტუმრნენ და მეტოქეს დამაჯერებლად, 3:0 მოუგეს.

    "თოლიების" რბევა 33-ე წუთზე ბუკაიო საკას მიერ გატანილი პენალტით დაიწყო. 62-ე წუთზე კაი ჰავერცმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ძირითადი დროის ამოწურვამდე 7 წუთით ადრე კი ბრაიტონელებს თავიანთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეანდრო ტროსარმა გაუტანა. ბელგიელ თავდამსხმელს მასპინძლების ქომაგები ობსტრუქციით დახვდნენ, რასაც მან გოლითა და დუმილით აღნიშნული გოლით უპასუხა.

    მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰავერცი დასახელდა, რომელიც "მეთოფეთა" თავკაცმა, მიკელ არტეტამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაქო.

    "კაის გუნდზე უდიდესი გავლენა აქვს. მისი თამაშის ხარისხი ისედაც მაღალი გახლდათ, ახლა კი საგოლე მოქმედებების რაოდენობამაც დაიწყო ზრდა. ჰავერცმა ეს უნდა შეინარჩუნოს.

    ვფიქრობ, იგი შემტევებს იდეალურად უგებს. ჩემი აზრით, მათ მიზანი ნათლად ჰქონდათ დასახული და ზუსტად იცოდნენ როგორ უნდა ემოქმედათ. ძალიან ბევრი შანსი შევქმენით.

    ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თავდაჯერებულობა იგრძნოს. კაის იმ სიყვარულს ვაძლევთ, რომელიც მას სჭირდება. მისით აღფრთოვანებულნი არიან როგორც თანაგუნდელები და კლუბში დასაქმებული პირები, ასევე გულშემატკივრებიც. ამას დარწმუნებით გეუბნებით," - თქვა არტეტამ.

    მიმდინარე სეზონში ჰავერცის ანგარიშზე უკვე 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ამ 10 გოლიდან 9 მან პრემიერ ლიგაში შეაგდო, რითაც "არსენალის" მეორე საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე სეზონში.

    მიკელ არტეტას გუნდს 71 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მომდევნო პრემიერლიგური მატჩი მათ 14 აპრილს, "ასტონ ვილასთან" ელით, იქამდე კი მიუნხენის "ბაიერნთან" გაარკვევენ ურთიერთობას ჩემპიონთა ლიგაზე.

    Facebook კომენტარები