• 07-04-2024
    მარკინიოსი: "მთელი კარიერის აქ გატარებით ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი"
    მარკინიოსი: "მთელი კარიერის აქ გატარებით ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი"
    Author of the article
    Aa

    არავის უთამაშია იმაზე მეტჯერ "პარი სენ ჟერმენში", ვიდრე მარკინიოსს. 29 წლის ბრაზილიელმა მცველმა პარიზული გუნდის მაისურით თავისთვის 435 მატჩი ჩაატარა, რითაც ჟან-მარკ პილორჟის მაჩვენებელი გაიმეორა.

    გამოცდილმა უკანახაზელმა რეკორდული შედეგი "კლერმონთან" გუშინდელ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვით გაიმეორა. მართალია, "პსჟ-მ" ქულები დაკარგა (1:1), თუმცა ლიგა ერთს გუნდი ისედაც დიდი უპირატესობით ლიდერობს, ამიტომ მარკინიოსმა თავს უფლება მისცა, რომ ისტორიული მიღწევისგან გამოწვეული სიხარული Canal+თან ინტერვიუში გამოეხატა.

    "რეკორდის გამეორება გასაოცარია. აქ ძალიან ახალგაზრდა მოვედი და ვერც ვიფიქრებდი, რომ ამდენ მატჩს ჩავატარებდი! ყველას მადლობას ვუხდი ამდენი წლისთვის და ამდენი მატჩისთვის. 

    ახლა ამ რეკორდის დამხობას ველოდები. ძალიან დიდი პატივია, რომ აღნიშნულ წერტილს მივაღწიე. 29 წლის ვარ და ვფიქრობ, რომ ჩემი მომავალი ისევ აქ, "პარი სენ ჟერმენშია". ამ კლუბში თავს ძალიან ჩართულად ვგრძნობ და მინდა ჩემი მაქსიმუმი გავიღო. ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა.

    ჩემი კარიერის აქ დასრულება დიდებული იქნებოდა, მაგრამ ვიცი, თუ რაოდენ სწრაფად იცვლება ფეხბურთში ყველაფერი. მიუხედავად ამისა, მთელი კარიერის აქ გატარებით ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი," - თქვა მარკინიოსმა.

    ბრაზილიელი "პსჟ-ს" 2013 წელს შეუერთდა. იტალიურ "რომას" პარიზელებმა მაშინ 30 მილიონი ევრო გადაუხადეს.

    აქვე გეტყვით, რომ ყველაზე მეტი მატჩის რეკორდის დამყარება მარკინიოსს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ბარსელონას" წინააღმდეგ შეეძლება. აღნიშნული მატჩი 10 აპრილსაა ჩანიშნული.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები