• 07-04-2024
    "შედეგით ცოტა იმედგაცრუებული ვარ" - მაინო "ლივერპულთან" ფრეზე
    "შედეგით ცოტა იმედგაცრუებული ვარ" - მაინო "ლივერპულთან" ფრეზე
    Author of the article
    Aa

    პრემიერ ლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" ქულები დააკარგვინა და საჩემპიონო რბოლაში პირველ ადგილს ჩამოაშორა.

    უხვგოლიანი შეხვედრა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, "ლივერპულის" უპირატესობით დაიწყო, რაც 23-ე წუთზე ლუის დიასის გოლშიც აისახა. წონასწორობის აღდგენა "ემიუმ" 50-ე წუთზე მოახერხა, როცა ბრუნო ფერნანდეშმა "წითლების" უკანა ხაზის შეცდომით ისარგებლა და ლამის ცენტრიდან განხორციელებული დარტყმით შეაგდო. 17 წუთში ამას მასპინძელთა 18 წლის ტალანტის, კობი მაინოს სუპერგოლი მოჰყვა, საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე მუჰამედ სალაჰის გატანილი პენალტით დაფიქსირდა.

    ინგლისური კლასიკის მთავარ მომენტად მაინოს სუპერგოლი შეფასდა, ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ინგლისელი მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. მატჩის შემდეგ კობის ინტერვიუ Sky Sports-მა ჩამოართვა.

    "გოლის გატანის მერე იმდენად ბრწყინვალე გრძნობა დამეუფლა, რომ აღნიშვნისას ცოტა გადავაჭარბე. ბოდიშს ვიხდი.

    საოცრებაა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ჩემი პირველი პროფესიონალური გოლი ასეთ მატჩში შევაგდე. საბოლოო ჯამში, 3 ქულა ვერ ავიღეთ, ამიტომ ბედნიერიც ვერ ვიქნები.

    სიმართლე გითხრათ, შედეგით იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმი ბრწყინვალედ ჩავატარეთ. ბიჭებმა ბევრი იშრომეს. მცირე შეცდომები ბოლოს ძვირად დაგვიჯდა. ისინი რომ აღმოგვეფხვრა, ამ თამაშის მოგებაც შეგვეძლებოდა," - თქვა მაინომ.

    "მანჩესტერ იუნაიტედი" სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე და მეხუთეადგილოსან "ასტონ ვილას" 11 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება "ლივერპულს", ისინი ლიდერ "არსენალთან" ქულებით თანასწორნი არიან, თუმცა გატანილ-გაშვებული გოლების ბალანსი გაცილებით უარესი აქვთ.

    Facebook კომენტარები