• 13-04-2024
    ვინ შეიძლება ჩაიბაროს "ნაპოლი" - 5 კანდიდატი
    ვინ შეიძლება ჩაიბაროს "ნაპოლი" - 5 კანდიდატი
    Author of the article
    Aa

    2023/2024 წლების სეზონი "ნაპოლისთვის" კატასტროფული გამოდგა. იტალიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე განცდილ კრახებს რომ თავი დავანებოთ, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონები ახლა სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე არ შეიცვალა, მომდევნო სეზონში შეიძლება ევროტურნირების მიღმაც დარჩნენ.

    თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ "პარტენოპეის" მიმდინარე სეზონში 2 მწვრთნელი ჰყავს გამოცვლილი, მოქმედი მესაჭე, ფრანჩესკო კალცონა გუნდში დროებით მუშაობს, ზაფხულში კი ევრო 2024-ზე სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს უნდა უხელმძღვანელოს. 2023 წლის ნოემბერში ნეაპოლელებმა კარისკენ რუდი გარსიას მიუთითეს, ამა წლის თებერვალში კი ვალტერ მაძარიც გაუშვეს. აურელიო დე ლაურენტისს ბოლო პერიოდში მწვრთნელების შერჩევა ნამდვილად არ გამოსდის, მაგრამ ზაფხულში ის ბედს კიდევ ერთხელ ცდის.

    ჯერჯერობით ახალი კანდიდატი არ გამოკვეთილა, ამიტომ შემოგთავაზებთ 5 საინტერესო ვარიანტს, რომლებსაც "დიეგო არმანდო მარადონაზე" აუცილებლად უნდა განიხილავდნენ.

    ანტონიო კონტე

    კონტე ჩამოთვლილთაგან ყველაზე სახელოვანი მწვრთნელია. ლონდონის "ტოტენჰემიდან" სკანდალით წამოსული ანტონიო ახლა უმუშევარია და სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არ უნდა იყოს. სერია ა-ში მუშაობა რომ მას იდეალურად გამოსდის, არავის დაგვვიწყებია - "იუვენტუსი" 4-ჯერ გააჩემპიონა, ერთხელ კი ტიტული მილანის "ინტერს" მოაგებინა. "პარტენოპეი" იტალიაში მისი მე-3 სამწვრთნელო თავგადასავალი იქნებოდა (ნაკრების მწვრთნელობას თუ არ ჩავთვლით), თუმცა საკითხავი ისაა, დაუკმაყოფილებს თუ არა აურელიო დე ლაურენტისი კონტეს სახელფასო მოთხოვნებს და საერთოდ, რამდენად შეეწყობა ერთმანეთს რთული ხასიათით გამორჩეული ორი პიროვნება.

    გრემ პოტერი

    კიდევ ერთი სპეციალისტი, რომლის ბოლო სამუშაო ადგილიც ლონდონი იყო. პოტერი გასულ სეზონში "ჩელსის" თავკაცობდა და 31 მატჩში 11 წააგო, კარისკენაც მალევე მიუთითეს, მაგრამ ყველას შესანიშნავად გვახსოვს მის მიერ "ბრაიტონში" გაწეული ბრწყინვალე სამუშაო. ახალგაზრდა მწვრთნელის რეპუტაციას "პენსიონერებმა" დიდი დარტყმა მიაყენეს, ამიტომ მას ახალი, სუფთა ფურცელი სჭირდება. "ნაპოლი" შეიძლება ძალიან კარგი ვარიანტი იყოს, რადგან ის შემტევი ფეხბურთი, რომელსაც 46 წლის ინგლისელი "თოლიებს" ათამაშებდა, კამპანიას რეგიონშიც ძალიან მოეწონებათ. სხვათა შორის, ბოლოს გრემს მოლაპარაკებები ამსტერდამის "აიაქსთან" ჰქონდა, თუმცა მან ნიდერლანდელთა ჩაბარებაზე უარი განაცხადა - მიზეზად ხელმძღვანელობაში არსებული ქაოსი დასახელდა.

    კრისტოფ გალტიე

    გალტიეს შემთხვევაც რაღაცით პოტერისას ჰგავს - "პარი სენ ჟერმენში" მან თავი ვერაფრით მოგვაწონა (მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 1 მოიგო), მანამდე კი, "ნიცასა" და "ლილში", ძალიან სიმპატიური სპეციალისტის შთაბეჭდილებას ტოვებდა. კრისტოფისა და ლუჩიანო სპალეტის სათამაშო ფილოსოფიებს შორის გარკვეული მსგავსების დაჭერა ნამდვილად შეიძლება.

    ხულიენ ლოპეტეგი

    ლოპეტეგის 2023/2024 წლების სეზონი "ვულვზში" უნდა დაეწყო, მაგრამ თანამდებობა პრემიერ ლიგის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. მიზეზად ის დასახელდა, რომ "მგლების" ხელმძღვანელობამ მას მიცემული პირობები ვერ შეუსრულა. ესპანელი სპეციალისტის ბოლო დიდი სამწვრთნელო წარმატება 2020 წელს, "სევილიასთან" ერთად მოგებულ ევროპა ლიგას გულისხმობს. როგორც ჩანს, მისი პროფილი "მილანშიც" ძალიან მოსწონთ, რამეთუ უკანასკნელი ცნობების თანახმად, "როსონერი" სტეფანო პიოლის სწორედ ლოპეტეგით უპირებს ჩანაცვლებას.

    სტეფანო პიოლი

    პიოლი ამ ხუთეულში ერთადერთი დასაქმებული სპეციალისტია, ოღონდ ეს შეიძლება მალე შეიცვალოს. შანსი იმისა, რომ 58 წლის სპეციალისტს "როსონერი" უახლოეს მომავალში დაატოვებინონ, საკმაოდ დიდია. ევროპა ლიგაზე "რომასთან" გამოვარდნა ამას ფაქტობრივად გარდაუვალს გახდის. ბაზარზე არსებულთაგან სტეფანო "ნაპოლისთვის" ერთ-ერთი საინტერესო კანდიდატი აუცილებლად იქნება, თუ იტალიურ ფეხბურთში მის მიერ დაგროვებულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ. გავიხსენოთ ისიც, რომ 2021/2022 წლების სეზონში მან ლომბარდიელებს სერია ა-ც მოაგებინა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები