• 14-04-2024
    "ოდეგორი ტრავმის გამო გავიყვანე" - არტეტა "ვილასთან" მარცხზე
    "ოდეგორი ტრავმის გამო გავიყვანე" - არტეტა "ვილასთან" მარცხზე
    ავტორი
    Aa

    პრემიერ ლიგის კვირა სათამაშო დღის ადრიან მატჩში "ლივერპულმა" "კრისტალ პალასთან" წააგო და ლონდონის "არსენალს" ქულებით გადასწრების ბრწყინვალე შანსი მისცა, თუმცა "მეთოფეებმა" ეს შანსი ქარს გაატანეს.

    ლონდონელებმა ბირმინგემის "ასტონ ვილასთან" საშინაო შეხვედრა ორი ბურთის სხვაობით, 0:2 დათმეს. პირველ ტაიმში "წითელ-თეთრები" უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მისი გოლში გარდასახვა ვერ მოახერხეს, მეორე ნახევარი კი სტუმართა კარნახით წარიმართა. 84-ე წუთზე "ემირეიტსი" ლეონ ბეილიმ დაამწუხრა, 3 წუთში კი თავისი გოლი ოლი უოტკინსმაც შეაგდო.

    "არსენალის" რიგებში საუკეთესო ნორვეგიელი ნახევარმცველი, მარტინ ოდეგორი იყო, რომელიც მიკელ არტეტამ მოედნიდან ნაადრევად გაიყვანა. ამის მიზეზზსა და სხვა საკითხებზე ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ ისაუბრა.

    "ჩვენ ორი სხვადასხვა ტაიმი ვითამაშეთ. პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენეთ, რომელიც ტოპ გუნდის წინააღმდეგ გვითამაშია. 3 ან 4 გოლი უნდა გაგვეტანა, არ ვიცი. მეორე ნახევარში მომენტუმი გვაკლდა. ბევრი რამე არ მომხდარა, მაგრამ გვაკლდა ის ტალღა, რომელიც პირველ ტაიმში გვქონდა. შემდეგ კი 2 სამწუხარო გოლი გავუშვით.

    ცივსისხლიანობის ნაკლებობა? რა თქმა უნდა. როცა ასეთ დონეზე ხარ, მეტოქე უნდა დასაჯო. უმაღლესი დონის ოპონენტთან 90-95 წუთის განმავლობაში ერთნაირად კარგად ვერ ითამაშებ. იმდენი მაინც უნდა მოგვეხერხებინა, რომ ასეთი გოლები არ გაგვეშვა.

    ოდეგორი იმიტომ შევცვალე, რომ ტრავმა ჰქონდა.

    ამ დარტყმაზე სწორი რეაქცია უნდა გვქონდეს. ამის საუკეთესო შანსი ოთხშაბათს, "ბაიერნის" წინააღმდეგ გვექნება. თუ მოგება გვინდა, ყველანაირ სიტუაციას უნდა ვცეთ პატივი. ჩვენი კალენდრის გათვალისწინებით, მსგავსი რამ აუცილებლად დაგვემართებოდა. ახლა ვნახოთ, როგორ ვირეაგირებთ ამაზე.

    "სიტი" ჩვენზე წინ? ამას ვერ გავაკონტროლებთ. იმ რაოდენობის მატჩების მოგებით, რაც ჩვენ მოვიგეთ, სხვა ჩემპიონატებში პირველ ადგილზე 6 ან 8 ქულიანი სხვაობით ვიქნებოდით, მაგრამ აქ სხვა გამოწვევებია,"- თქვა მიკელმა.

    პრემიერ ლიგას ახლა "მანჩესტერ სიტი" ლიდერობს, რომელსაც 73 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ "არსენალსა" და "ლივერპულს" 2-2 ქულით უსწრებს.

    Facebook კომენტარები