ზაფხულის 5 ყველაზე იმედის მომცემი ტრანსფერი

7-09-2016, 02:13

როგორც მოგეხსენებათ გასულ ზაფხულს არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. იყო არაერთი ისეთი ფეხბურთელის ტრანსფერი, რომლებსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ჩვენ წარმოგიდგენთ იმ ტრანსფერებიდან 5 საუკეთესოს, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებენ.

5. მარკო პიაცა

ბოლო დროს ხორვატულ ფეხბურთს კარგი დროება უდგას. ამ ქვეყნის არაერთი წარმომადგენელი დიდ გუნდებში გამოდის და ახალ თაობაშიც ჩანან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც უდიდესი მომავალი აქვთ წინ. ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელია ტურინის "იუვენტუსის" ახლად დამატებული თავდამსხმელი მარკო პიაცა. ხორვატი ფორვარდი გასულ სატრანსფერო ბაზარზე გადაბარგდა ზაგრების "დინამოდან" ტურინულ გრანდში.

მარკო თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფორვარდად ითვლება. მისი ძირითად დადებით თვისებებს კარგი დრიბლინგი და საგოლე ალღო წარმოადგენს. შეუძლია დაცვაში ჩასვლა და კონტრშეტევაზე მეტოქე გუნდის გამოჭერა. თავისი კარგი დრიბლინგით შეუძლია სამ-ოთხ მეტოქეს იოლად აუაროს გვედი და ამოიტანოს ბურთი მეტოქის ნახევარზე. გოლების გარდა ის ასევე საგოლე პასებითაც გამოირჩევა, კარგად ხედავს თავისუფალ პარტნიორს და ზუსტ გადაცემასაც აკეთებს. მის მთავარ სისუსტეთ კი ალბათ მაინც კონცენტრაციის უნარი შეიძლება ჩაითვალოს, რის გამოც კონტაქტში შესვლის დროს ადვილად ეცემა ძირს.

მარკო ჯერ-ჯერობით მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ ამის მიუხედავად უკვე მოასწრო ნაკრებსა და გუნდში ჯამში 143 შეხვედრის ჩატარება, რა დროშიც 37 გოლი და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა. მასზე გასულ ზაფხულს არაერთი დიდი ევროპული გრანდი ნადირობდა, მაგრამ საბოლოოდ თავად ფეხბურთელმა არჩია "იუვენტუსში" გადაბარგება და 23 მილიონი ევროს საფასურად გადაბარგდა "ბებერი სინიორას" რიგებში. ვნახოთ რამდენად გაამართლებს ხორვატი ფორვარდი გაცემულ ავანსებს.

4. ერიკ ბაიი
ერიკ ბაიი ალბათ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მცველად შეგვიძლია მივიჩნიოთ. კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა მანჩესტერში გადაბარგებისთანავე დაიწყო გაცემული ავანსების გამართლება. პირველივე თვეში ბაიიმ უკვე მოახერხა და ორჯერ მიიღო "იუნაიტედის" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, რაც ნამდვილად მშვენიერი შედეგია. 22 წლის მცველის მთავარ პლიუსებად შეგვიძლია მისი სისწრაფე, გამბედაობა და ართმევაზე მშვენივრად თამაში მივიჩნიოთ. ეს თვისებები მან პირველივე მანჩესტერულ შეხვედრაში გამოაჩინა და მისი წყალობით დავიდ დე ხეას კარს გასულ სეზონთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებად უტევენ. რაც შეეხება მის სუსტ მხარეს ალბათ მაინც მისი დისციპლინა უნდა აღვნიშნოთ. ჯამში გასულ სეზონში მან 35 შეხვედრა ჩაატარა და 13 ყვითლისა და 1 წითელი ბარათის მიღება მოახერხა, რაც დამეთანხმებით მცველისთვის საკმაოდ დიდი მინუსია.

ერიკი "წითელი ეშმაკების" რიგებს 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბოლი ორი წელი მან "ვილიარეალის" რიგებში გაატარა და გასულ წელს "ყვითელი წყალქვეშა ნავის" საჩემპიონთალიგო ზონაში მოხვედრაც მეტწილად სწორედ მისი დამსახურებაა. ახლა კი მისი მთავარი მიზანი მანჩესტერელთა რიგებში მაღალ დონეზე ასპარეზობა და პრემიერლიგის მოგება გახლავთ.

3. ოსმან დემბელე

ფრანგული "რენის" ყოფილი შემტევი, რომელიც ამიერიდან დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას დაიცავს. დემბელეს ევროპაში "ახალ მესისაც" უწოდებენ, მასზე არაერთი ევროპული გრანდი ნადირობდა, მაგრამ აირჩია სწორედ ის გუნდი, სადაც ახალგაზრდებს უამრავი შანსი ეძლევათ თავის გამოჩენის. ოსმანმა გასულ სეზონში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და 17 წლის ბიჭმა ლიგა 1-ის 26 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა. ამას გარდა მან 5 საგოლე პასიც მიითვალა.

ფრანგი შემტევის ძირითად პლიუსებს მისი სისწრაფე და კარგი დრიბლინგი წარმოადგენს. შეუძლია ადგილიდან მალევე აკრიფოს მაღალი სიჩქარე და ამის წყალობით კარგ პოზიციაში აღმოჩნდეს. ასევე კარგად იცის ადგილზე კაცის მოტყუება, რაც თანამედროვე ფეხბურთში, სადაც მცველები მჭიდროდ მეურვეობენ შემტევებს ნამდვილად დიდი პლიუსია. მის მინუსებს დაცვაში სუსტი თამაში და დაბალი საფეხბურთო ინტელექტი შეადგენს. უჭირს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება რის გამოც რამდენიმე კარგი მომენტი გააფუჭა მან გასულ სეზონში.

გასული ნაყოიერი სეზონის შემდეგ დემბელე დორტმუნდის "ბორუსიაში" 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ აღმოჩნდა სადაც პირველივე შეხვედრებიდან გამოუცხადეს მას ნდობა და 18 წლის ბიჭმა ბორუსიელების მიერ წელს გამართულ სამივე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში.


2. ლეროი სანე


გასული სატრანსფერო ფანჯრის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იყო თუ სად გააგრძელებდა ასპარეზობას "შალკეს" შემტევი ნახევარმცველი ლეროი სანე. საბოლოოდ 20 წლის ფეხბურთელმა მანჩესტერ "სიტიში" არჩია გადასვლა.

სანე პირველად ფეხბურთის გულშემატკივრებმა ალბათ მადრიდის "რეალთან" შეხვედრის დროს იხილა, სადაც მან შესანიშნავი გოლი გაუტანა იკერ კასილასს და მისი წყალობით ლამის გამოაგდო გელზენკიხენურმა კლუბმა მადრიდული გიგანტი. მის ძირითად პლიუსებს შესანიშნავი დრიბლინგი, საგოლე ალღო და ადგილიდან მალევე აჩქარების უნარი გახლავთ. ამ უნარების წყალობით მან მადრიდის "რეალის" მცველებს არაერთხელ აურია თავგზა. სანეს მთავარ მინუსად კი ალბათ მისი ფიზიკურობა უნდა მივიჩნიოთ. იგი არც თუ ისე ძლიერია აღნაგობით, რის გამოც კონტაქტური თამაში უჭირს ადვილად კარგავს კონტაქტში შესვლის დროს პოზიციას.

"სიტისგან" ბოლო დროს ძალიან მივეჩვიეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებში დიდი ფულის გადახდას და გამონაკლისი არც ლეროი სანე აღმოჩნდა. "ქალაქელებმა" გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "შალკეს" 50 მილიონი ევრო გადაუხადეს. სანეზე მანჩესტერელები უდიდეს იმედებს ამყარებენ და თვლიან, რომ სულ მალე ის გახდება გუნდის უცვლელი ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერი.


1. რენატო სანჩესი
რენატო სანჩესი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ გასული სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად. 19 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე იყიდა მიუნხენის "ბაიერნმა" და თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ძალიან გაუმართლათ, რადგან იმ ევროპაზე რენატომ ისეთი თამაშები ჩაატარა რომ მისი სატრანსფერო ფასი ერთიორად გაიზარდა.

სანჩესი ფეხბურთის მოყვარულთა გარკვეულმა ნაწილმა ბენფიკაში თამაშის დროს გაიცნო, მაგრამ ფართო პუბლიკისთვის მისი სახელი ალბათ მაინც ევრო 2016ის პლეი-ოფებიდან გახდა ცნობილი. 19 წლის ნახევარმცველმა არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ევროასპარეზის გადამწყვეტ ეტაპებზე და ნამდვილ აღმოჩენადაც იქცა. რენატოს ძირითად პლიუსებს ტექნიკა, ათლეტურობა და დასარტყამი წერტილის კარგად მოძებნა შეადგენს. ამ ყველაფრის წყალობით მან არაერთი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ნაკრების მაისურით, სადაც ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ პოლონეთთან შეხვედრა გახლდა, რომელშიც შესანიშნავი გოლი გაიტანა და გუნდი წაგებას გადაარჩინა. რენატოს ერთადერთ მინუსად ალბათ საჰაერო ორთაბრძოლები უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ დიდი ალბათობით დროთა განმავლობაში იგი ამ კომპონენტსაც დახვეწავს.

როგორც უკვე ავღნიშნე, რენატო ბავარიულ კლუბში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გადავიდა ლისაბონის "ბენფიკადან". ტრანსფერის ფასმა 35 მილიონი ევრო შეადგინა. სატრანსფერო ომში მიუნხენელებმა მადრიდის "რეალს" აჯობეს და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გაუმართლათ, რადგან ასეთი ფასის გადახდა "თეთრების" ხელმძღვანელობამ არ ისურვა და როგორც შემდგომ გახდა ცნობილი ძალიანაც ინანა. მოკლედ რენატო სანჩესს აქვს ყველანაირი წინაირობა იმისა, რომ უახლოეს მომავალში იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინოს. ვნახოთ, როგორ წარიმართება მისი კარიერა.


სანდრო ჭიღლაძე, სპეციალურად FOOTBALLNEWS-ისთვის.

  • tsandro
  • 7 სექტემბერი 2016 02:17
რენატოო <3 ესრო რეალს ეყიდა იიფ :3

  • davit96
  • 7 სექტემბერი 2016 02:20
რენატო საუკეთესოა!

რენატო <3

renato da baili mxecebi arian am transferebidan

  • todua
  • 7 სექტემბერი 2016 20:31
რენატოო <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით