• 19-04-2024
    "სიურპრიზებზე მხოლოდ მაშინ ვისაუბროთ" - ვილი სანიოლის ინტერვიუ
    "სიურპრიზებზე მხოლოდ მაშინ ვისაუბროთ" - ვილი სანიოლის ინტერვიუ
    Author of the article
    Aa

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ამსახველი ვიდეო-მასალაც ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

    ცხადია, მთავარი სასაუბრო თემა "ჯვაროსნების" ისტორიული მიღწევა და ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის ის თავგადასავალი გახლდათ, რომელიც გუნდს ზაფხულში, გერმანიაში ელოდება. 

    გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს აღნიშნული ინტერვიუდან:

    ნაკრებში არსებულ განწყობაზე "ორი კვირის შემდეგაც ვინარჩუნებთ კარგ განწყობასა და ბედნიერებას, მაგრამ ვიცით, რომ ტურნირი უკვე ახლოსაა და მისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ. საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო, ახლა კი შემდეგი ნაბიჯის გადადგმა გვსურს, რაც შრომისა და მომზადების გარეშე შეუძლებელი იქნება. მწვრთნელის როლში ეს ჩემთვისაც ახალი გამოცდილება იქნება. ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ პასუხისმგებლობით მივუდგე ამ საქმეს."

    26 მარტის ღამეზე "ხალხი ძალიან დიდი ხანი ელოდა ამ მომენტს. ამდენი ხნის მანძილზე დაგროვილი ემოციების ამოფრქვევა ბუნებრივი და ძალიან ლამაზი მოვლენა იყო. ამ ბედნიერი ადამიანების სახეები და სიხარულის ცრემლების კადრები მუდამ ჩემში დარჩება."

    ვლადიმერ ვაისზე "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ვლადიმერ ვაისს. ის, რაც ორი კვირის წინ მოხდა, მისი წარმატებაც არის. მან ბევრი იმუშავა გუნდის სტრუქტურაზე და არაერთი ახალგაზრდა მოიწვია ნაკრებში. ფეხბურთში არაფერი შენდება არც ერთ დღეში და არც ექვს თვეში. ეს ხანგრძლივი პროცესია, და ვლადიმერ ვაისი მისი მნიშვნელოვანი ნაწილია."

    ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე "ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მიუღებელი იქნება იმაზე ნაკლები, რაც პლეი ოფის თამაშებში ვაჩვენეთ. მოთამაშეებმა ეს იციან და ისიც იციან, რომ ამას მკაცრად ვუდგები. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს მიერ სიურპრიზსების მომზადებას, ამაზე საუბარი ნაადრევია. ასეთ თემებზე საუბარი ფეხბურთის ცოდნაზე არ მიუთითებს, რადგან ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი. თავდაუზოგავადაც რომ მოემზადო თამაშისთვის, მატჩის დღეს მეტოქემ შეიძლება გაჯობოს, მსაჯმა შეცდომა დაუშვას, მოთამაშემ 5 წუთის შემდეგ წითელი ბარათი მიიღოს. შედეგების პროგნოზირება რთულია. უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რისი კონტროლიც შეგვიძლია - ფეხბურთელის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებაზე. დანარჩენს კი მოედანზე ვნახავთ. 3 მატჩი გველოდება და ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სიურპრიზებზე საუბარი. თუ ჩვენ აქამდე 100%-ით ვიხარჯებოდით, ევროპის ჩემპიონატზე 101%-ით დახარჯვა იქნება საჭირო."

    შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საქართველო F ჯგუფში, პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთად იასპარეზებს. პირველი მატჩი "ჯვაროსნებს" 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ელოდებათ.


    Facebook კომენტარები