

ყველა გავლენიანმა წყარომ უკვე დაადასტურა, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი მარჯვენა მცველის, ჟოაუ კანსელუს ტრანსფერი დახურა.
28 წლის ფლანგელი "რეკორდმაისტერს" 6-თვიანი იჯარით უერთდება. სეზონის ბოლოს მიუნხენელებს მისი 70 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ. მნიშვნელოვანია, რომ ბავარიულ გრანდს კანსელუს გამოსყიდვის ვალდებულება არ აუღია და გადაწყვეტილებას კლუბი ზაფხულში მიიღებს.
ჟოაუს "ეტიჰადიდან" აბარგება მოულოდნელი გახლდათ მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის, რადგან უკანასკნელ სეზონებში იგი "სიტიზენთა" ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას წარმოადგენდა. ბუნებრივია, ასეთ ფეხბურთელთან შუა სეზონში გამომშვიდობებას საკუთარი მიზეზები აუცილებლად მოეძებნება.
თუ ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ ცნობებს ვენდობით, ეს მიზეზი კანსელუსა და პეპ გვარდიოლას შორის მომხდარი კონფლიქტია.
პორტუგალიელის უკმაყოფილებამ "სიტისა" და "არსენალს" შორის რამდენიმე დღის წინ გამართული მატჩის წინ ამოხეთქა. კანსელუ გაბრაზებული იყო, რადგან ის სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენეს, მის ბრაზს კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარტივად უპასუხა - ხელმძღვანელობას ჟოაუს გაშვება მოსთხოვა.
კანსელუს "ბაიერნში" მისვლა იქიდან ბენჟამინ პავარის აბარგებას უნდა მოასწავებდეს. უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ფრანგი ფეხბურთელი "ბარსელონაში" გადასვლას აპირებს, თუმცა ეს ზამთარში ვერ მოესწრება.
აქვე გეტყვით, რომ ჟოაუმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 2 გოლი და 5 ასისტი მიითვალა. ცნობისთვის, პორტუგალიელი უკვე მიუნხენში იმყოფება და ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება კიდეც.