• 30-01-2023
    "მონტიელის პენალტის წინ ღმერთს ეს ვთხოვე" - ლეო მესის ვრცელი ინტერვიუ
    [/xfgiven_playerads]
    "მონტიელის პენალტის წინ ღმერთს ეს ვთხოვე" - ლეო მესის ვრცელი ინტერვიუ
    Aa

    დღეს გამოქვეყნდა "პარი სენ ჟერმენის" არგენტინელი შემტევის, ლიონელ მესის პირველი ინტერვიუ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.


    37 წლის მეგავარსკვლავმა მუნდიალის პერიპეტიებზე ისაუბრა და ბევრი ისეთი დეტალი გაგვანდო, რომლებზეც აქამდე არავის სმენია.


    "18 დეკემბერს ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერი, რაზეც კარიერის განმავლობაში ვოცნებობდი, ამიხდა."


    "მონტიელის პენალტის წინ ვლოცულობდი. უფალს, რომელიც მთელი კარიერაა ჩემს გვერდით დგას, ვთხოვდი, რომ კაჩეტეს გაეტანა, რათა ჩვენი ტანჯვა არ გაგრძელებულიყო."


    "მსოფლიო ჩემპიონატის თასმა დამიძახა და მითხრა: "მოდი და ხელი მომკიდე, ახლა შეგიძლია შემეხო!"


    "გოლის აღნიშვნა ნიდერლანდებთან? ეს ბუნებრივად მოხდა. ზოგიერთმა თანაგუნდელმა მითხრა, რაც თქვა ვან გაალმა თამაშის წინ. არ მინდოდა მსგავსი შთაბეჭდილების დატოვება, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. ატმოსფერო ძალიან ნერვული იყო."


    "როცა სოციალურ ქსელში ჩვენი ჩემპიონობის ვიდეოებს ვნახულობ, ემოციები ისევ მაწვება."


    "ჩემი ინსტაგრამი რამდენიმე დღით დაიბლოკა იმ უამრავი შეტყობინების გამო, რომლებიც ფინალის შემდეგ მივიღე."


    "მიზნად არ მქონია ინსტაგრამზე ყველაზე მეტი მოწონების მქონე სურათის ატვირთვა ან რაიმე მსგავსი. ხალხს უბრალოდ უნდოდა, რომ მუნდიალის თასთან ერთად ვენახე."


    "დიეგო მარადონა იქ რომ ყოფილიყო, მსოფლიო ჩემპიონატის თასს სწორედ ის მომცემდა. ეს ფოტო ძალიან კარგი იქნებოდა."


    "ვფიქრობ, დიეგოც და ყველა ის ადამიანიც, რომელსაც ვუყვარდი, ზეციდან მხარს მიჭერდა."


    "ჩემი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე რთული მატჩი მექსიკასთან გვქონდა."


    "რომ შემეძლოს, 16 წლის ლეო მესის ვეტყოდი, რომ კარიერაში რაღაც განსაკუთრებული ელოდება. რომ მას ექნება ძალიან ლამაზი გზა, ბევრი რთული მომენტით. რომ არასდროს უნდა თქვას უარი თავის ოცნებებზე, რადგან ბოლოს ყველაზე სასურველ ჯილდოს მიიღებს."


    "ჩემს ინსტაგრამის ანგარიშს მე ვმართავ და არა ვინმე სხვა პიროვნება ან დაქირავებული ჯგუფი."


    "მსოფლიო ჩემპიონატის თითოეულ მატჩში მეტოქეზე უკეთესები ვიყავით, რამეთუ ზუსტად ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ძალიან კარგად მოგვამზადა."


    "ღმერთი ამ თასს ჩემთვის ინახავდა და იგი საუკეთესო მომენტში მომცა. იგივე ითქმის კოპა ამერიკაზეც. ღმერთს ყოველდღე მადლობას ვუხდი. უფალს სხვა ვერაფერს ვთხოვ."


    "რა გავაკეთე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ? ის, რასაც ყველა მატჩამდე ვაკეთებდი - დაძინებამდე ანტონელას ვესაუბრე. თამაშზე ბევრი არ გვილაპარაკია. უბრალოდ რუტინას მივყევით."


    "მშვიდად ვიყავი და კარგად მეძინა. მუნდიალის დროს თავს წყნარად ვგრძნობდი. ვგრძნობდი, რომ ყველანი ჩვენს საქმეს კარგად ვაკეთებდით და მიზნისთვის აუცილებლად უნდა მიგვეღწია."


    შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მოუგო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კიდევ თითო-თითო გოლი გავიდა, პენალტების სერიაში კი "ალბისელესტემ" ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა. ამ მატჩში მესიმ დუბლითა და ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით გამოიჩინა თავი.

    Facebook კომენტარები