

დორტმუნდის "ბორუსიასა" და ლონდონის "ჩელსის" შორის გუშინ გამართული მატჩის გმირი 21 წლის კარიმ ადეიემი გამოდგა. გერმანელმა თავდამსხმელმა შეხვედრის 63-ე წუთზე საოცარი სპრინტი შემოგვთავაზა და კეპა არისაბალაგას კარი აიღო.
კარიმმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო, "არისტოკრატთა" ნახევარმცველ ენცო ფერნანდესს სისწრაფეში აჯობა, მეტოქის მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. ადეიემის ამ გოლმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
ახალგაზრდა ფორვარდის ოსტატობაზე "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა კარიმი ანიმაციურ ფილმთა სერიის "ლუნი თუნზის შოუს" პერსონაჟ სწრაფმავალს შეადარა
"ადეიემის გოლი? მიიპ, მიიპ! და ის გარბის. ეს არის კარიმის ხარისხი.
შეტევა კუთხურიდან დაიწყო, რომლის დროსაც თავი კარგად დავიცავით. სიტუაცია სახიფათო იყო, მაგრამ როცა ადეიემის აჩქარებას დაინახავ... მისმა პირველმა შეხებამ თამაში აასწრაფა.
თუ ასეთი სწრაფი ხარ, შენს წინააღმდეგ თამაში ნებისმიერ მცველს გაუჭირდება. ეს იყო დიდებული გოლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან გამარჯვება მოგვიტანა," - თქვა ტერზიჩმა.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "ბორუსიას" განმეორებითი მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე", 7 მარტს გაიმართება.