“ვფიქრობ ჩვენში რაღაც განსაკუთრებულია”. - ინტერვიუ სტავ კორენთან “ვფიქრობ ჩვენში რაღაც განსაკუთრებულია”. - ინტერვიუ სტავ კორენთან » Footballnews “ვფიქრობ ჩვენში რაღაც განსაკუთრებულია”. - ინტერვიუ სტავ კორენთან
გათიშვა

“ვფიქრობ ჩვენში რაღაც განსაკუთრებულია”. - ინტერვიუ სტავ კორენთან

“ვფიქრობ ჩვენში რაღაც განსაკუთრებულია”. - ინტერვიუ სტავ კორენთან
3 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი ჭანტურია

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროის განმავლობაში ქართული MMA დიდი მწვერვალებს აღწევს.

ამ წამისთვის UFC-ში ორი ჩემპიონი - მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია გვყავს.

მსოფლიოს მასშტაბით არაერთი გამორჩეული მებრძოლი გვყავს.

დღეს მინდა გესაუბროთ 24 წლის სტავ კორენზე, რომელიც ისრაელთან ერთად საქართველოს ღირსებას ღირსეულად იცავს.

სტავი ისრაელის ქალაქ ბე’ერ შევაში დაიბადა. მისი მამა ქობულეთიდან, დედა კი ონიდან გახლავთ.

მშობლებს ახალგაზრდობაში ისრაელში ემიგრაციაში წასვლას მოუწიათ და სწორედ ამიტომ სტავიც ამ ქვეყანაში დაიბადა.

24 წლის სპორტსმენი მთელი ბავშვობა უცხო ქვეყანაში იზრდებოდა, თუმცა საქართველოს სიყვარული არასდროს დავიწყებია.

Footballnews.ge-მა სტავთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

– მოგვიყევი შენი ქართული ფესვების შესახებ

– მე ისრაელში დავიბადე, მაგრამ ჩემი ოჯახი დაიბადა საქართველოში. მამაჩემი ქობულეთიდანაა, ჩვენი გვარი კიკოლაშვილია. დედაჩემი და ბებიაჩემი რაჭიდან, კერძოდ ონის რეგიონიდან არიან. ჩემი ბიძიები, ბიძაშვილები, ყველანი ქართველები არიან და ქართულად მეტყველებენ. ჩემს ოჯახში ყველაზე პატარა ვიყავი და ქართულად არ მესაუბრებოდნენ, სწორედ ამიტომ არ ვიცი კარგი ქართული, თუმცა ახლა დავიწყე სწავლა. ისინი ისრაელში მოვიდნენ, როცა ახალგაზრდები იყვნენ.

– როდის და როგორ დაიწყო შენი კარიერა?

– ფეხბურთს ვთამაშობდი ბავშვობაში. ძალიან ნიჭიერი ვიყავი და მქონდა დიდი ენერგია. ასევე ვთამაშობდი კალათბურთს და ყველაფერს რისი თამაშიც შეიძლებოდა. პატარა და სუსტი ვიყავი და ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ თავის დაცვა უნდა მესწავლა. მათ მირჩიეს, რომ MMA-ს დარბაზში წავსულიყავი და ამის შემდეგ ჩემი მწვრთნელი ძალიან კარგ მეგობრად ჩამოყალიბა და დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. მას შემდეგ მე მივხვდი, რომ დიდი რაღაცეების გაკეთება შემეძლო და ეს ძალიან საინტერესო სპორტი იყო. არ მინდა ვთქვა, რომ ყველაზე ღარიბი ადგილიდან მოვდიოდი, თუმცა არცისე მდიდარი ადგილიდან მოვდივარ, ყოველთვის ვაწყდებოდი პრობლემებს, ამიტომ ამ სპორტში წასვლა კარგი ვარიანტი იყო. აქ დისციპლინა ჩამომიყალიბდა. ამის შემდეგ გავიაზრე, რომ მე ნამდვილი მეომარი ვიყავი. თავდაპირველად კონკრეტულად MMA-ს ვარჯიში დავიწყე, მას შემდეგ კრივის, ჯიუ-ჯიცუსა და ჭიდაობის შესწავლა დავიწყე. ასევე მუაი-ტაიში ვვარჯიშობდი. ჯიუ-ჯიცუს ვხვეწავ ამჟამადაც. კიკბოქსინგი, ჯიუ-ჯიცუ, ჭიდაობა, ყველა ამ სპორტში გამოვცადე თავი.

– შენი კარიერის გამორჩეული მომენტი რომელია?

– ბოლო ბრძოლა გამორჩეული იყო ჩემს კარიერაში. ასევე გამოვყოფდი პირველ ბრძოლას LFA-ში. ჩემი მეტოქე საკმაოდ ძლიერი, ცნობილი და კარგი ოპონენტი იყო. მე ანდერდოგი ვიყავი. ყველა მეუბნებოდა, რომ ეს ბრძოლა არ ამეღო, რადგან ის მცემდა და მარტივად მომიგებდა. მე დავიწყე ვარჯიში მერაბთან ერთად ამ ბრძოლამდე. დავიწყე ჩემს თავში დარწმუნება, რომ მე ამას შევძლებდი. 2 წუთის განმავლობაში მაკონტროლებდა პარტერში, ჩემს კარიერაში პირველად ვიყავი მსგავს სიტუაციაში, როდესაც ვინმე ასე მაკონტროლებდა. მისი დანოკაუტება გამორჩეული მომენტი იყო, LFA დიდი ორგანიზაცია, გულშემატკივრები გაოცებულები იყვნენ, რადგან მას ქომაგობდნენ. ამის შემდეგ გავიაზრე, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

– შენს კარიერულ განვითარებაში ვინ შეიტანა ყველაზე დიდ წვლილი? 

– მერაბ დვალიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ჩემი კარიერა რადიკალურად შეცვალა. როდესაც აქ ჩამოვედი ვიცოდი, რომ არ უნდა შევშინებულიყავი არავისთან ერთად სიარულით. მერაბი იმ დროს ნ1 კონტენდერი იყო. თავიდან ვივარჯიშეთ ერთად და მერაბმა მითხრა, რომ ძმაო ჩვენ ქართველები ვართ, ერთად ვარჯიში უნდა განვაგრძოთ. ამის შემდეგ ის ძალიან დამეხმარა. ის დამეხმარა ვარჯიშით, გამოცდილებით, ის ყოველთვის ჩემთან ერთად იყო, მას მოეწონა ჩემი ხასიათები და პიროვნება, მას სჯეროდ ჩემი. მასთან ერთად ვარჯიშმა დიდი ძალა და მოტივაცია მომცა. 

– შენ დაუმარცხებელი ხარ, რას ნიშნავს ეს შენთვის?

– მე ვფიქრობ, რომ ეს მე ვარ. მე მგონია, რომ დიდი ხანი ვიქნები დაუმარცხებელი. თუ ვარჯიშზე რამეს ცუდად ვაკეთებ ვცდილობ, რომ გამოვასწორო. მე მინდა, რომ ყველა საქმეს, რასაც ხელს მოვკიდებ უნაკლო ვიყო. არ აქვს მნიშველობა, დაღლილი ვიყავი, არ მეძინა საკმარისად, თუ რაიმე სხვა, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ კონკურენტუნარიანი ვიყო. მე არასდროს ვნებდები.

– სინდიკატ MMA-ს  და ჯონ ვუდს როგორ დაახასიათებდი?

– სინდიკატ MMA მშვენიერი ადგილია. იქ ბევრი ქართველი ვარჯიშობს. ლევანი იქ არის, ზიკო იქ არის, ძალიან ბევრი ქართველი იზრდება ამ კლუბში. მე მანდ ვარ, ასევე მერაბიც ჩვენთან ერთადაა. ჯონ ვუდი ძალიან კარგ რჩევებს და დარიგებებს გვაძლევს. ჯონი ძალიან ჭკვიანი კაცია. თუ ვუდმა შეძლო მერაბის ამ დონემდე მიყვანა (ვიცი, რომ ის პირველი მწვრთნელი არ ყოფილა, მაგრამ მაინც). თუ მერაბი ამ ადამიანს ენდო, მეც აუცილებლად ვენდობი. მე დიდი პატივისცემა მაკავშირებს ამ ადამიანის მიმართ. 

– როდის გაიცანი მერაბი პირველად?

– მე მყავდა მეგობარი, რომელიც ჩემამდე იყო ამერიკაში. ის ეუბნებოდა მერაბს, რომ მე მყავს ქართველი მეგობარიო. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ უხარია მერაბს ქართველების გაცნობა. ერთ დღეს ჩემი მეგობარი მიგზავნის ვიდეოს, სადაც მერაბი მესალმება. ეს ამბავი გამიხარდა. როცა ამერიკაში ჩავედი მერაბთან გავისაუბრე და მას ახსოვდა, რომ ჩემი მეგობარი ჩემს შესახებ ესაუბრებოდა. ამის შემდეგ კარგი მეგობრები გავხდით. დავიწყეთ ერთად ვარჯიში და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. 


– შენი ბოლო ბრძოლა საოცარი იყო. ნელ-ნელა UFC-ს უახლოვდები, რამე სიახლე ხომ არ არის?

– მე ვიცი, რომ ერთ დღეს UFC-ში მოვხვდები. არ მინდა, რომ დიდი ზეწოლა ვიგრძნო. ვიცი, რომ მოვხვდები ამ ორგანიზაციაში და თავს კარგად წარმოვაჩენ. ვიცი, რომ მაღალ დონეზე ვარ, იქ მოხვედრა დროის ამბავია. როდესაც ისინი მიმიწვევენ მე აუცილებლად ვანახებ ქართულ ძალას.


– ახლა შენ ქართველ ბიჭებთან ერთად ვარჯიშობ, როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?

– მათ მე ვუყვარვარ, მე ისინი მიყვარს. მათ იციან ჩემი მშობლების შესახებ. დედაჩემი აქ იყო ჩამოსული, ის შეხვდა მერაბს. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ისინი ახალ ქართულ სიტყვებს მასწავლიან. ჩვენი კარგი ურთიერთობა გვაქვს. თავიდან მარტო ვიყავი, ახლა კი ჩვენ ქართველების გუნდი გვაქვს. 


– ახლახან შენმა მეგობარმა თორნიკე ნაგლიაშვილმა სადებიუტო ბრძოლა მოიგო, რას იტყვი მის შესახებ?

– თორნიკე დღეს უკვე დაბრუნდა სავარჯიშოდ. თორნიკე ძალიან მაგარი ბიჭია. საკმაოდ ძლიერია და ვფიქრობ, რომ დიდი რაღაცეების გაკეთება შეუძლია. ძიუდოს გამოცდილება საკმაოდ სახიფათოა, ყველას ეშინია მისი. 

– UFC-შუ ორი ჩემპიონი გვყავს და საქართველო დღითიდღე ვითარდება MMA-ში, როგორ ფიქრობ რისი დამსახურებაა ეს ყოველივე?

– ვფიქრობ, რომ ჩვენ სისხლში რაღაც განსაკუთრებულია. მე საქართველოში არ დავბადებულვარ, მაგრამ ჩემი სისხლი ქართულია. ჩვენი მენტალიტეტი განსაკუთრებულია. ჩვენი პოტენციალი ენით აუღწერელია. თუ ასე გავაგრძელებთ ბევრი ჩემპიონი გვეყოლება. ძიუდო, ჭიდაობა, პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა დიდი პოტენციალი გვაქვს.

 

– შენი საყვარელი ქართული კერძი?

– ფხლოვანა ჩემი საყვარელი ქართული კერძია.

FACEBOOK კომენტარები