• 20-04-2022
    ლუკა წულუკიძე: “გერმანიაში ორი კვირის განმავლობაში ვიყავი, ძალიან ნაყოფიერი სტაჟირება გამომივიდა”
    ლუკა წულუკიძე: “გერმანიაში ორი კვირის განმავლობაში ვიყავი, ძალიან ნაყოფიერი სტაჟირება გამომივიდა”

    18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა წულუკიძემ ფიფას მიერ ამოქმედებული ახალი წესი გამოიყენა და რუსულ "ურალთან" კონტრაქტი დროებით შეაჩერა.


    ქართველი ფეხბურთელი თბილისის "საბურთალოში" დაბრუნდა. დედაქალაქური გუნდის პრესსამსახურმა ახალგაზრდა ნახევარმცველთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:


    – ლუკა, ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდით. “საბურთალოში” რამდენიმე ვარჯიში ჩაატარეთ.  როგორ მიდის საწვრთნელი პროცესი და როდიდან უნდა ველოდოთ 20 კაციან განაცხადში ყოფნას?
    – გეგმაზომიერად მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი, გუნდთან ერთად ვემზადები, საწვრთნელ პროცესში სრულყოფილად ვმონაწილეობ.  თბილისურ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, ოფიციალურადაც დავრეგისტრირდი. ხოლო თუ როდის ვიქნები 20 კაციან განაცხადში, ამას მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს.
    – “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ხართ. გაიხსენეთ, როგორ აღმოჩნდით “საბურთალოში”?
    – წარმოშობით ზესტაფონელი ვარ, ბავშობაში იქ ვთამაშობდი ფეხბურთს. ერთ დღეს, “საბურთალოს” ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ მომიწია თამაში, მწვრთნელებმა შემამჩნიეს და თბილისურ აკადემიაში თამაში შემომთავაზეს. ასე აღმოვჩნდი “საბურთალოში”. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ვიყავი განათხოვრებული, მაგრამ შემდეგ ისევ “საბურთალოს” დავუბრუნდი.
    თქვენი პროგრესი ძალიან მალე მოხდა – გაიარეთ ყველა ასაკობრივი გუნდი, რის შემდეგაც დუბლშემადგენლობის მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ გიხმოთ. მალევე კი ლევან კორღალიძემ “საბურთალოს” მთავარ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მოგცათ. ქობულეთში ცვლილებაზე შეხვედით და ეროვნულ ლიგაში პირველი გოლიც გაიტანეთ. როგორ გაიხსენებთ ამ ყველაფერს?
    – ჯერ, ბახვა ამბიძესთან 17 წლამდე გუნდში ვიყავი, შემდეგ 19 წლამდელებში გადამიყვანეს. ამის მერე თემურ შალამბერიძემ “საბურთალო”-2-ში დამაწინაურა, რის შემდეგაც მალევე მთავარი გუნდის 20 კაციან განაცხადში მოვხვდი. ლევან კორღალიძემ “შუქურას” წინააღმდეგ ცვლილებაზე შემიყვანა. სადებიუტო მატჩს ვატარებდი “საბურთალოს” მთავარ გუნდში. ორმაგად სასიხარულო იყო ის, რომ მიუხედავად მდევრის როლში ყოფნისა, მოვიგეთ და გამარჯვების გოლი მე გავიტანე. ვისარგებლებ შემთხვევით და ლევან კორღალიძეს, თემურ შალამბერიძესა და ბახვა ამბიძეს ნდობისთვის მადლობას გადავუხდი.
    ამის შემდეგ “ურალში” აპირებდით კარიერის გაგრძელებას, მაგრამ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, კვლავ საქართველოში დაბრუნდით…
    – “ურალის” შემადგენლობაში არ მივარჯიშია, მხოლოდ სამედიცინო შემოწმება მქონდა გავლილი და კონტრაქტისთვის ხელი მოწერილი. “ურალი” უკრაინაში რუსული აგრესიის გამო დავტოვე და სამშობლოში ჩამოვედი.
    – “ურალამდე” კი “კარლსრუეში” სტაჟირება იყო. რამდენად კმაყოფილი დარჩით?
    – გერმანიაში ორი კვირის განმავლობაში ვიყავი, ძალიან ნაყოფიერი სტაჟირება გამომივიდა. ბევრი რამ შევიძინე და ვისწავლე. ამ ხნის განმავლობაში “კარლსრუეს” ბაზაზე ვცხოვრობდი. გარკვეული დაკვირვების შემდეგ, გერმანელებმა ჩემი დატოვება გადაწყვიტეს, მაგრამ 31 იანვარს სატრანსფერო ფანჯარა იკეტებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ 18 წლის არ ვიყავი, ხელშეკრულებას ხელს ვერ მოვაწერდი. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე “საბურთალოს” ფეხბურთელი ვარ და გუნდში ადგილის დამკვიდრებაზე ვფიქრობ.
    – ცოტა ხნის წინ 19 წლამდე ნაკრებმა ელიტ რაუნდში იასპარეზა, სადაც ვერ შეძლო წარმატებით გამოსვლა. როგორი ჯგუფი იყო და რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?
    – საერთო ჯამში თანაბარი ჯგუფი იყო და თავისუფლად შეიძლებოდა წარმატებით თამაში. მართალია, რუმინეთთან დიდი ანგარიშით წავაგეთ, მაგრამ… როდესაც 1:2 იყო, ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა, ამავდროულად უმცირესობაში დავრჩით. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ფეხბურთელებზე. ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით. ისლანდიის ნაკრებთან ვიგებდით და 3 ქულა ბოლო წუთებზე დავკარგეთ. ბოლო შეხვედრაში ხორვატიის ნაკრები კი დავამარცხეთ, მაგრამ ეს გამარჯვება საკმარისი არ იყო ჯგუფში წარმატების მისაღწევად.
    – 19 წლამდე ნაკრების შემდეგ უკვე 21 წლამდე ნაკრებია. ახალგაზრდულ ნაკრებამდე ერთ ნაბიჯში ხართ. ხომ არ ელით გამოძახებას?
    – რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ ყველა ნაკრებში ვითამაშო.  გამეხარდება, თუ მომავალში 21 წლამდე ნაკრებში ვითამაშებ, შემდეგ კი ეროვნულში. მაგრამ, ახლა 19 წლამდე ნაკრებში ვარ და ამ გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ. ხვალ, შვეიცარიაში მივემგზავრებით, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ.


    შეგახსენებთ, რომ ლუკა წულუკიძე საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლავთ.

    Facebook კომენტარები