• 16-07-2023
    “ჩემი კარიერის მიზანი ტოპ 5 ჩემპიონატში მაღალ დონეზე თამაშია” - ინტერვიუ ზუკა რუხაძესთან
    “ჩემი კარიერის მიზანი ტოპ 5 ჩემპიონატში მაღალ დონეზე თამაშია” - ინტერვიუ ზუკა რუხაძესთან

    როგორც მოგეხსენებათ, ლატვიის ჩემპიონატში არაერთი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს.

    მათ შორის გამოსარჩევია, 19 წლის ტალანტი, ზუკა რუხაძე, რომელიც “მეტას” ღირსებას იცავს.

    ზუკამ, რომელიც ამპლუით მცველი გახლავთ, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

    19 წლის ფეხბურთელის მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და რომელიმე ტოპ 5 ლიგის წევრ გუნდში თამაშია.

    Footballnews.ge ახალგაზრდა ფეხბურთელს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

    – როგორ გრძნობ თავს და როგორ ფორმაში იმყოფები?

    – თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მოტივირებული ვარ და საკმაოდ ოპტიმალურ ფორმაში ვარ.

    – მეტას გასულ წელს შეუერთდა, როგორ შეაფასებდი ტრანსფერს?

    – რაც შეეხება ტრანსფერს, ჩემთვის ეს წინგადაგმული ნაბიჯია, ჩემი პირველი სეზონია პროფესიონალურ ლიგაში და დიდ გამოცდილებას ვიღებ ყოველი თამაშიდან. 

    – გუნდში როგორი სიტუაციაა, როგორ ურთიერთობაში ხარ თანაგუნდელებთან?

    – გუნდში მეგობრული სიტუაციაა, ყველამ ძალიან კარგად მიმიღო და ამიტომ ადაპტაციაც მარტივად გავიარე. მეტ-ნაკლებად ახალგაზრდებით არის გუნდი დაკომპლექტებული და საერთო ენის გამონახვაც მეტად მარტივია

    – მთავარ მწვრთნელს როგორ დაახასიათებდი?

    – მთავარი ტრენერი ლატვიელი სპეციალისტი ანდრის რიჰერტია, ვარჯიშებზე ყოველი ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ითხოვს და ეს ყველაფერი თამაშზეც აისახება, ბევრს ვსწავლობ მისგან. 

    – გქონდა თუ არა ენის პრობლემა?

    – ენის ბარიერი არ მქონია, გუნდში თითქმის ყველას შეუძლია ინგლისურ ენაზე საუბარი და ჩვენ შორისაც კომუნიკაციაც ინგლისურ ენაზეა. აგრეთვე ვცდილობ ავითვისო ცოტაოდენი ლატვიური სიტყვები, რათა მოედანზე უფრო მარტივად გავიგო მეტოქის სიტყვებიც. 

    – რა გეგმები აქვს მეტას მიმდინარე სეზონში?

    – ლატვიაში არიან გამოკვეთილი გუნდები რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან, ჩვენ ცხრილის შუაში ვართ, თუმცა რა თქმა უნდა მიზანი ცხრილის სათავეში მოხვედრაა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

    – რაიმე შემოთავაზება ხომ არ გაქვს? ახალ გუნდში გადასვლას ხომ არ განიხილავ?

    – არის შემოთავაზებები, თუმცა აქცენტი და ყურადღება ჩემს ახლანდელ გუნდზე მაქვს, მინდა ეს სეზონი მაღალ დონეზე ჩავატარო და შემდეგ ვიფიქრო მომავალ კლუბებზე.

    – რა განსხვავებაა ქართულ და ლატვიურ ფეხბურთს შორის?

    – განსხვავებას რაც შეეხება, ჩემი აზრით, აქ მეტად ხისტ და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ფიზიკურ მხარეებს აქცევენ მეტად ყურადღებას, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებისთვის ვფიქრობ კარგი დონეა. 

    – საბურთალოს აკადემიის აღზრდილი ხარ, ამ გუნდში გატარებულ პერიოდს როგორ შეაფასებ?

    – საბურთალოს აკადემიაში 10 წელი გავატარე და მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა ამ კლუბზე, პროფესიონალი ტრენერებით და სტაფით არის დაკომპლექტებული, ერთი დიდი ოჯახია და სწორი მიმართულება აქვთ ფეხბურთელის აღზრდისა და განვითარებისთვის. ყოველთვის ვგრძნობდი მათგან გვერდში დგომას და მადლიერი ვარ ამისთვის.

    – შენს პროფესიონალურ კარიერაში 2022/2023 წლების სეზონი სადებიუტოა, როგორ შეაფასებდი მას?

    – რაც შეეხება ამ სეზონს, ჯერ ისევ მიმდინარეობს ჩემპიონატი და შეფასების გაკეთება ცოტა ნაადრევია, რა თქმა უნდა ყოველთვის ვცდილობ გავაუმჯობესო ჩემი თამაშის ხარისხი და მეტად წარმოვაჩინო საკუთარი თავი და შესაძლებლობები მოედანზე.

    – ლატვიის ჩემპიონატში არაერთი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს, მათთან კომუნიკაცია თუ გაქვს?

    – რა თქმა უნდა აქ მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან მაქვს კომუნიკაცია, თუმცა იმის გამო რომ სხვადასხვა ქალაქის გუნდებში ვთამაშობთ მხოლოდ მოედანზე ვახერხებ მათ ნახვას. 

    – გაგიჭირდა თუ არა ლატვიის ჩემპიონატში ადაპტაცია?

    – ლატვიის ჩემპიონატში ადაპტაცია არ გამჭირვებია, მარტივად ავითვისე აქაური ფეხბურთის სტილი და თანაგუნდელებისა და სტაფის დახმარებით სირთულეების გარეშე მოვახდინე ადაპტირება.

    – ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის კარგი გამოცდილება გაქვს, როგორი გრძნობაა მშობლიური ნაკრების მაისურს ჩაცმა?

    – რა თქმა უნდა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში, დიდი მუხტი და პასუხისმგებლობაა როცა საკუთარი სამშობლოს მაისურს ირგებ და რა თქმა უნდა ჩემი მიზანი  ნაკრებში თამაში და ქართველი გულშემატკივრის გახარებაა.

    – ვინ არის შენი მოტივაცია?

    – ჩემი მოტივაცია პრიველ რიგში ჩემი ოჯახია, ძალიან დიდი დოზით ვგრძნობ მათგან გვერდში დგომას და ნდობას ამიტომ მინდა მათი იმედები ყველანაირად გავამართლო.

    – ვის მიიჩნევ შენ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშედ?

    – შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს პოზიციაზე საუკეთესო რობერტო კარლოსი იყო.

    – რა არის შენი კარიერის მიზანი?

    – ჩემი კარიერის მიზანი ტოპ 5 ჩემპიონატში მაღალ დონრზე თამაში და საქართველოს ნაკრებთან ერთად ტიტულების მოგებაა. 

    Facebook კომენტარები