• 01-08-2023
    3 კლუბი, რომელიც გიორგი მამარდაშვილისთვის იდეალური იქნებოდა
    3 კლუბი, რომელიც გიორგი მამარდაშვილისთვის იდეალური იქნებოდა
    Author of the article
    Aa

    "ვალენსიას" ქართველი გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის მომავალი ისევ ბურუსით მოცული რჩება. გუშინ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, "ლოს ჩეს" ფინანსური პრობლემები აქვს და მამარდას 25 მილიონ ევროდ გაყიდვა უნდა, ამ თანხას კი მათ არავინ უხდის. Marca-ს აზრით, "ღამურებს" 20 მილიონ ევროზე მოუწევთ დათანხმება.

    მანამ, სანამ გიორგისთან დაკავშირებით ახალ ცნობებს შევიტყობდეთ, გთავაზობთ 3 კლუბს, რომელთაგან ერთ-ერთში გადასვლაც მამარდასთვის მომხიბვლავ ვარიანტად უნდა იყოს განხილული.

    "ბაიერნი"

    ცხადია, ბავარიული გრანდი ამ სიის სათავეში უნდა იყოს. "რეკორდმაისტერს" 22 წლის ქართველს უკვე რამდენიმე კვირაა უკავშირებენ, მაგრამ მიუნხენელებს "ვალენსიას" მიერ მოთხოვნილი თანხა ძალიან ეძვირებათ. არადა, იან ზომერი თითქმის "ინტერშია" წასული, მანუელ ნოიერის დაბრუნება კი იმაზე მეტად გვიანდება, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

    მამარდაშვილის წისქვილზე წყალს ის ფაქტიც ასხამს, რომ "ბრენტფორდის" მეკარეს, დავიდ რაიას, რომელიც ასევე "ბაიერნის" სამიზნე გახლდათ, კარიერის გაგრძელება ლონდონის "არსენალში" სურს. შესაძლოა, გიორგი მეკარის პოზიციაზე "ბაიერნის" სამიზნეთა სიის სათავეშიც კი მოექცეს, "ვალენსიას" ფინანსური მოთხოვნების შემცირება კი ამ ტრანსფერის განხორციელებას ყველაზე მეტად დაეხმარება.

    "ინტერი"

    კაცმა რომ თქვას, "ინტერისა" და "ბაიერნის" ინტერესები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. თუ იან ზომერი "ნერაძურიში" გადავა, მამარდაშვილისთვის ეს კარი დაიხურება, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე რამეს დადასტურებულად მანამ ვერ მივიჩნევთ, სანამ თავად კონტრაქტი არ გაფორმდება. ასე რომ, "ინტერნაციონალე" გიორგით დაინტერესებულ კლუბთა შორის ჯერ კიდევ შეგვიძლია მოვიხსენიოთ.

    "ნერაძურიმ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თავისი მთავარი მეკარე, ანდრე ონანა დაკარგა, კლუბს კი ამ დანაკლისის აღმოფხვრა სურს. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ისევე როგორც "ბაიერნისთვის", "ლოს ჩეს" მიერ მამარდაზე დაწესებული ფასი "ინტერისთვისაც" გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.

    "ჩელსი"

    "ჩელსის" რადარზე ქართველი გოლკიპერის მოხვედრაზე საუბარი ჯერ კიდევ სეზონის დასრულებამდე დაიწყო, თუმცა ამაზე საუბარი ახლა მინავლებულია. მიუხედავად იმისა, რომ "არისტოკრატები" მეკარეს კვლავაც დაეძებენ, მათი ყურადღება ახლა "ბრაიტონის" კარის დარაჯზე, რობერტ სანჩესზეა მიპყრობილი.

    არადა, თუ ვინმესთვის გიორგის ფასი პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, ეს "ჩელსია". ლონდონურ გრანდს მეკარეში დიდი ფულის გადახდის გამოცდილებაც აქვს - 2018 წელს მათ ბილბაოს "ატლეტიკს" კეპა არისაბალაგაში 80 მილიონი ევრო გადაუხადეს და ახალგაზრდა ესპანელი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ კიპერად აქციეს. კეპა დღესაც "ლურჯების" კარს იცავს. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მამარდაშვილს მისი სახით ძალიან სერიოზული კონკურენტი ეყოლებოდა, თუმცა კონკურენციაში ცუდი არაფერია.

    Facebook კომენტარები