• 02-08-2023
    გიორგი ჭიაბრიშვილი: “მაქსიმალურად ვეცდებით, ეს უიღბლობა გადავლახოთ”
    გიორგი ჭიაბრიშვილი: “მაქსიმალურად ვეცდებით, ეს უიღბლობა გადავლახოთ”

    თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ჰამრუნთან მატჩის წინ მედიასთან ისაუბრა:

    “ვფიქრობ, ასტანასთან ორი მატჩის ჯამში მარცხი საფეხბურთო უიღბლობა იყო. დამსახურებულად დამარცხებისას, არ გაქვს სანერვიულო, გაჯობა მეტოქემ და ეგუები შედეგს. ამ შემთხვევაში კი ცოტა რთულია განწყობა შეინარჩუნო, რადგან ჩვენთვის ასტანას ბარიერის დაძლევა პრიორიტეტი იყო. ამიტომ მარცხის შემდეგ ვცდილობთ სტრესიდან გამოვიდეთ. წინ მნიშვნელოვანი თამაშია, იდეალური განწყობა არავის გვაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს უიღბლობა გადავლახოთ...

    ჰამრუნთან პირველი თამაში ცუდი იყო, ვაღიარებ, მაგრამ არის მომენტები, როცა არ გიმართლებს. თასის თამაშის გადადების შანსი იყო, ლოკომოტივიც თანახმა იყო, მაგრამ არ მინდოდა ტონუსიდან ამოვარდნა, ვფიქრობდი, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა გვეთამაშა.

    წინა თამაშზე ბევრი ვერ მიხვდა, რომ მაისურაძე და ტაბიძე ტრავმების გამო შევცვალე. ასეთ დროს, დაცვაში ორი შეცვლა არ კეთდება, თუ იძულებითი არ არის. აღიარება არ მერიდება, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი ჩანაფიქრი. ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ...

    დღეს დინამო არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს. ერთი ვიცით, რომ მუშაობით, სწორი მიდგომით, ამ გუნდს მომავალი აქვს. ევროტურნირებზე ვხედავთ ჩვენს რეალურ ძალას: საქართველოს ჩემპიონატში ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ევროტურნირებზე ჩანს, რომ ძლიერი არ ვართ. ეს არ არის კარგი რეალობა, ამიტომ ჩვენს თავს უნდა გადავახტეთ, რომ შედეგი ვაჩვენოთ. არ ვართ ისეთი გუნდი, რომ ასეთ დონეზე რაღაც წინასწარ დავგეგმოთ...

    ვიმედოვნებ, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა, რადგან მათ შეუძლიათ დიდი მუხტის მოცემა, შეუძლებელი შეგვაძლებინონ. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქომაგი იყოს სტადიონზე”. - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

    Facebook კომენტარები