• 03-08-2023
    ბერნარდუ ნიშნავს პროგრესს - რას ამბობენ "ბარსაში"
    ბერნარდუ ნიშნავს პროგრესს - რას ამბობენ "ბარსაში"
    Author of the article
    Aa

    Mundo Deportivo-მ "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას სატრანსფერო საგის ხელახლა დაწყება გვამცნო.

    ესპანური გამოცემის მიხედვით, 28 წლის ვარსკვლავი "ბლაუგრანას" პრიორიტეტული სამიზნეა უსმან დემბელეს წასვლის შემდეგ. ბერნარდუს "ბარსაში" უნდა და იმედოვნებს, რომ პეპ გვარდიოლა გზაზე არ გადაუდგება.

    ჟოან ლაპორტამ, მატეუ ალემანიმ და დეკუმ უკვე დაიწყეს მუშაობა. მათ ყველა სხვა ოპერაცია შეაჩერეს, რათა სილვას ტრანსფერი გაჩარხონ.

    პრესაში გაჟღერებული ცნობების თანახმად, გვარდიოლამ პორტუგალიელს პირობა მისცა, რომ თუ "სიტი" კარგ შეთავაზებას მიიღებდა, მას გაუშვებდნენ. "ბარსასაც" და სილვასაც სჯერათ, რომ ესპანელი სპეციალისტი თავის სიტყვას არ გადავა.

    "ბარსელონას" მაისურის მორგება ბერნარდუს ოცნებაა. "ბავშვობაში იგი მესის, ჩავის ან ინიესტად მსგავსად ყოფნაზე ოცნებობდა," - წერს MD.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რწმენით, სილვასთან ერთად გუნდი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე დემბელესთან ერთად იყო. მათი აზრით, "სიტის" ვარსკვლავი დიდ მატჩებში უკეთესი ფეხბურთელია, თამაშზე უფრო დიდ გავლენას ახდენს და გოლებსა და ასისტებსაც უსმანზე მეტს აგროვებს.

    "ქალაქელთა" ნახევარმცველმა "ბარსას" სთხოვა, რომ სწრაფად იმოქმედონ. მას არ სურს იმის გამეორება, რაც 2022 წლის ზაფხულში მოხდა, როცა ბერნარდუს "კამპ ნოუზე" გადასვლის იმედი სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღემდე ჰქონდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. გარდა ამისა, სილვას აგვისტოს ბოლოს წასვლა "მანჩესტერ სიტისაც" გაუფუჭებს საქმეს, რადგან მისი შემცვლელის პოვნა ვეღარ მოესწრება, ფეხბურთელს კი უნდა, "ეტიჰადიდან" ისე აიბარგოს, რომ არავინ გაანაწყენოს.


    Facebook კომენტარები