• 20-06-2022
    "ეს გადაწყვეტილია" - რას უპირებს "გენტი" ჩაკვეტაძეს
    "ეს გადაწყვეტილია" - რას უპირებს "გენტი" ჩაკვეტაძეს

    ბელგიურ "გენტში" დაბრუნებული გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ერთ-ერთია იმ საკითხთაგან, რომლებიც ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს. სწორედ ამიტომაა ჩვენთვის საყურადღებო Voetbalbelgie-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია.


    წყაროს თანახმად, ბუფალოელები ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის შენარჩუნებას არ აპირებენ.


    "სინონ ბოლატის შემდეგი კლუბი "ვესტერლო" იქნება, იონას მალედე "მეხელენში" მიდის, მალე გავიგებთ რომან ბეზუსის ახალ გუნდსაც, თუმცა "გენტში" ჯერ კიდევ რჩებიან ისეთნიც, რომელთა წასვლაც გარდაუვალია. ჰეინ ვანზენბრუკი მათ საკუთარ სქემაში ვერ სვამს და ყველამ იცის, რომ თანამშრომლობას პერსპექტივა არ აქვს.


    ამ ფეხბურთელთა შორისაა გიორგი ჩაკვეტაძე. მას "გენტთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გუნდი ჩაკვეტაძეს ისევ გაანათხოვრებს," - ვკითხულობთ სტატიაში.


    შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი "ჰამბურგში" გაატარა. "დინოზავრების" მაისურით ჩატარებულ 12 მატჩში გიომ 1 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა თავი.


    ჩაკვეტაძეს გერმანულ კლუბში დარჩენის სურვილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა "ჰამბურგმა" მისი გამოსყიდვა არ გადაწყვიტა.

    Facebook კომენტარები