• 22-06-2022
    როდის გაოფიციალურდება ხვიჩას "ნაპოლიში" ტრანსფერი
    როდის გაოფიციალურდება ხვიჩას "ნაპოლიში" ტრანსფერი

    იტალიურ საფეხბურთო პრესაში დიდი ყურადღება ეთმობა "ნაპოლის" ქართველ ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის ტრანსფერის გაოფიციალურების, შეკრებაზე გამოცხადებისა და დებიუტის დაახლოებითი თარიღები დღეს შევიტყვეთ.


    "ნაპოლის" ახალი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოს" უკანასკნელ მატჩებს დააკლდა. ის უკვე მზადაა, "აძურიში" გადავიდეს. ქართველი გარემარბი "ნაპოლიმ" MLS-ში წამსვლელი კაპიტნის, ლორენცო ინსინიეს შემცვლელად შეიძინა.


    კვარაცხელიას ტრანსფერი მაშინვე გაოფიციალურდება, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, ანუ 1 ივლისს. 30 ივნისის ჩათვლით მოთამაშე "დინამო ბათუმში" ირიცხება. Repubblica-ს დღევანდელი ინფორმაციით, ვიცით, თუ როდის გამოცხადდება კვარაცხელია კასტელ ვოლტურნოში, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს. ეს ტრანსფერის ოფიციალური დადასტურებიდან მეექვსე დღეს მოხდება და ფეხბურთელი კომპანიას შეუერთდება.


    მაშასადამე, სულ ცოტა დრო რჩება იქამდე, სანამ ხვიჩა ლუჩიანო სპალეტის განკარგულებაში იქნება. დიმაროში "ნაპოლის" საწვრთნელი შეკრება სტარტს 9 ივლისს აიღებს. 14 და 17 ივლისს ჩანიშნულია ამხანაგური მატჩები," - წერს SpazioNapoli.


    Repubblica წერს, რომ ხვიჩას თავის გამოჩენის შანსი 14-შივე მიეცემა, tuttomercatoweb.com-ი კი ქართველს უწოდებს ფეხბურთელს, რომელიც ლორენცო ინსინიეს ყველას დაავიწყებს.


    ცნობისთვის, კვარას "ნაპოლიში" ტრანსფერი ნეაპოლიტანელთა პრეზიდენტმა, აურელიანო დე ლაურენტისმა პირველად 27 აპრილს დაადასტურა. ცნობილია ისიც, რომ ფეხბურთელი იტალიურ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

    Facebook კომენტარები