• 22-03-2022
    რა თანხას გამოიმუშავებდა ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" ყოველწლიურად
    რა თანხას გამოიმუშავებდა ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" ყოველწლიურად
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული ფეხბურთის იმედი, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის "რუბინის" მაისურს აღარ მოირგებს და უახლოეს დღეებში ახალ კლუბს იპოვის.


    თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ეს უნდა იყოს დასასრული ხვიჩას ყაზანური თავგადასავლისა, რომელიც თითქმის 3 წლის მანძილზე გაგრძელდა და უამრავი რამით დაგვამახსოვრა თავი.


    ბუნებრივია, როგორც ხშირად ხდება, გულშემატკივართა ინტერესთა სფეროში ქართველი გარემარბის კონტრაქტის ფინანსური მხარეც მოხვდა, ამიტომ ბევრს აინტერესებდა, თუ რამდენს გამოიმუშავებდა ხვიჩა ყაზანში.


    სხვადასხვა რუსული გამოცემების (Sport.business, Metaratings, Yandex) ინფორმაციით, 2019 წელს, როცა კვარამ "წითელ-მწვანეებთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ახალგაზრდა შემტევის ყოველთვიური ხელფასი 30 ათასი ევროთი გახლდათ განსაზღვრული.


    ასევე, წყაროს თქმით, კვარაცხელიამ კონტრაქტის გაფორმების ბონუსად 500,000 ევროც მიიღო. როგორც ვკითხულობთ, მისი ხელფასი მალევე 50 ათას ევრომდე უნდა გაზრდილიყო.


    მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხვიჩა "რუბინში" ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარ მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.


    საბოლოო ჯამში, კვარაცხელიამ ლეონიდ სლუცკის გუნდი შემდეგი სტატისტიკით დატოვა: 73 მატჩი, 9 გოლი, 18 ასისტი.

    Facebook კომენტარები