• 22-11-2023
    ჟესუსი: "გოლების გატანა ჩემი ძლიერი მხარე არ არის"
    ჟესუსი: "გოლების გატანა ჩემი ძლიერი მხარე არ არის"

    ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამედ წააგო. "სელესაო" დღეს გამთენიისას არგენტინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ დამარცხდა.

    "მარაკანაზე" გამართულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა ტრავმაახლადმოშუშებულმა გაბრიელ ჟესუსმა. "არსენალის" თავდამსხმელმა თავი ვერაფრით გამოიჩინა, მატჩისშემდგომ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ გოლების გატანა მისი ძლიერი მხარე არ არის.

    "იყო რაღაცები, რაც 2018 წლის მუნდიალის შემდგომი ციკლის განმავლობაში მაწუხებდა. ახალგაზრდა ვიყავი, განსხვავებული შეხედულებები მქონდა. ახლა უფრო დაბრძენებული, განათლებული, მეოჯახე ადამიანი ვარ. მესმის, რომ ფეხბურთი ჩემთვის პრიორიტეტია და რომ კარგად უნდა ვიყო, რათა მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვითამაშო. განსაკუთრებით ბრაზილიის ნაკრებში.

    ზოგიერთ რამეს ვერ ვაკონტროლებ. ვვარჯიშობ, ვეძებ, ვცდილობ, ვმოძრაობ, გუნდს ვეხმარები. გოლს ვერსად გაექცევი. მჯერა, რომ გოლების გატანა ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ გოლები გამაქვს და აქ ამისთვის ვარ. როცა დავბრუნდები, ეს ისევ მოხდება.

    ჩუმად ვმუშაობ. მე არ ვარ ის, ვინც კრიტიკას უპასუხებს ან შექებით ბედნიერი დარჩება. ადრე ვიყავი, ახლა აღარ," - თქვა 26 წლის ფორვარდმა.

    2019 წლის კოპა ამერიკის შემდეგ ჟესუსს ეროვნულ ნაკრებში სულ 1 გოლი აქვს გატანილი. ის 1 გოლიც მან 2022 წლის ივნისში, ამხანაგურ მატჩში, სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ შეაგდო. ბოლო 29 სანაკრებო მატჩში 1 გოლი კატასტროფული გაგრძელებაა იმ იმედისმომცემი სტარტისა, რომელიც გაბის "სელესაოს" რიგებში ჰქონდა - 18 გოლი პირველ 35 შეხვედრაში.

    Facebook კომენტარები