• 28-11-2023
    "კვარას ნაპოლიში მოსვლამდე არ ვიცნობდი, მაგრამ..." - ინსინიე ხვიჩაზე საუბრობს
    "კვარას ნაპოლიში მოსვლამდე არ ვიცნობდი, მაგრამ..." - ინსინიე ხვიჩაზე საუბრობს

    "ნაპოლის" ყოფილმა კაპიტანმა, ლორენცო ინსინიემ "La Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან დღევანდელ "პატენოპეიზე", კლუბის მდგომარეობაზე და ლიდერებზე ისაუბრა:

    "შვებულების დროს ნეაპოლში ყოველთვის ჩამოვდივარ, ვსტუმრობ კლუბის სპორტულ ცენტრს, სადაც ძველ ნაცნობებს, ყოფილ თანაგუნდელებს ვნახულობ. ვრჩები ნაპოლის ნომერ პირველ გულშემატკივრად, თუმცა წელს დამატებითი მიზეზი გამოჩნდა - მაძარის მონახულება, რომლის ხელშიც სერია A-ში დებიუტი მქონდა. მინდოდა, მისთვის წარმატება პირადად მესურვა. მასთან წელიწადი გავატარე და არასდროს მოუმართავს ჩემთვის სახელით. მისთვის ყოველთვის "ბიჭუნა" ვიყავი. ის კარგი ადამიანია და იმსახურებდა ნაპოლიში მეორე შანსს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს კარგად გაართმევს თავს და ნაპოლის დააბრუნებს იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას".

    "ისეთი ლეგენდარული კლუბის წინააღმდეგ "ბერნაბეუზე" თამაში, როგორიც რეალია, განუმეორებელ ემოციებს იწვევს. იქ გატანილი გოლი კი განსაკუთრებულად ფასობს. "ბერნაბეუ" ადრენალინს გაძლევს, გრძნობ წნეხს, მაგრამ ამავდროულად იმუხტები. გადიხარ მოედანზე და გეუფლება შეგრძნება, რომ ფეხბურთის ტაძარში იმყოფები".

    "ზუსტი წარმოდგენა რომ გქონდეს, აუცილებელია გასახდელში ყოველდღიურ დინამიკას გრძნობდე. ვნახე ატალანტასთან მატჩი და დროდადრო ნაპოლი ძალიან კარგად თამაშობდა. მართალია, გუნდმა ახალი სეზონი მთლად იდეალურად ვერ დაიწყო, თუმცა იყო უიღბლობაც. არ ვიცი, გუნდსა და გარსიას შორის იყო თუ არა "ქიმიის" არარსებობის პრობლემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაძარისთან ერთად დავბრუნდებით და საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ".

    "ოსიმენის პროგრესი დიდწილად სპალეტის დამსახურებაა. მას სიმშვიდე სჭირდება, რათა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. შარშან ის აშკარად მშვიდი იყო და აკონტროლებდა სიტუაციას. ის ტექნიკურადაც უკეთესი იყო. შარშან სპალეტისთან ერთად მან შეძლო თავისი დიდი პოტენციალის გუნდისთვის მოხმარება. ვაღიარებ, რომ კვარას ნაპოლიში მოსვლამდე არ ვიცნობდი, მაგრამ ის ნამდვილი ჩემპიონია. ის ძალიან მომწონს და ხშირად კომპლიმენტებს სოციალურ ქსელში ვუძღვნი", - თქვა ინსინიემ ინტერვიუში.

    Facebook კომენტარები