• 09-03-2024
    "იამალი მესის არ უნდა შევადაროთ" - ჩავი "მალიორკასთან" მატჩის შემდეგ
    "იამალი მესის არ უნდა შევადაროთ" - ჩავი "მალიორკასთან" მატჩის შემდეგ
    Author of the article
    Aa

    ლა ლიგის 28-ე ტურში "ბარსელონამ" "მალიორკას" აჯობა, ანგარიშით 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე ლამინ იამალმა შეაგდო, პირველ ტაიმში კი ილქაი გიუნდოგანმა გააფუჭა პენალტი.

    მძიმე ბრძოლაში მოგებული შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

    "არ გვაქვს ტრავმა, არ გვაქვს დისკვალიფიკაცია და გამარჯვება დავიმსახურეთ. მეტოქის კართან ეფექტურობა ისევ გვაკლია. 4-5 საგოლე მომენტი შევუქმენით გუნდს, რომელიც მოწინააღმდეგეს ამის ნებას ძალიან იშვიათად აძლევს.

    იამალი და მესი ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ. ლეოსთან ნებისმიერი წააგებს. ჩვენ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. მას არავინ უნდა შევადაროთ.

    ვიტორ როკეს დღეს დიდებული ნახევარი საათი ჰქონდა. ის ორთაბრძოლებსა და სივრცის შექმნაში ბრწყინვალე იყო. თანდათან მისი სათამაშო დროც გაიზრდება.

    სამშაბათს გასამართი მატჩისთვის გუნდი სოლიდურ ფორმაშია.

    კუბარსი ვეტერანივით თამაშობს და განსხვავებას ქმნის.

    ვუყურებდი თუ არა "ნაპოლის" მატჩს? ვერა, მაგრამ შტაბის რამდენიმე წევრი ამოწმებდა შედეგსა და რამდენიმე საინტერესო სიტუაციასაც აკვირდებოდა. დიახ, ეს უნდა გვეკეთებინა, რადგან "ნაპოლი" ჩვენი მომდევნო მეტოქეა," - თქვა ჩავიმ.

    შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "ნაპოლის" მატჩი 12 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. ნეაპოლში გამართული შეხვედრა ფრედაა (1:1) დასრულებული.

    Facebook კომენტარები