

გუშინ შედგა "დინამო ბათუმისა" და გრაცის "შტურმის" ამხანაგური მატჩი, რომელიც ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. შეხვედრის მშვენება გახლდათ ბათუმელთა 19 წლის შემტევი ნახევარმცველის, გიორგი კვერნაძის გოლი. გიორგიმ ავსტრიელების კარი შორეული გასროლით აიღო და საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა.
რამდენიმე კვირის წინ, როცა კვერნაძე ჯერ "დინამოშიც" არ იყო გადასული და "თელავში" ირიცხებოდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას იტალიური "ნაპოლის" სკაუტები აკვირდებოდნენ. ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩაგდების შემდეგ, "პარტენოპეიმ" ქართული ბაზრისკენ გაიხედა და მათ რადარზე სწორედ გიორგი გამოჩნდა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ 19 წლის ფეხბურთელის გუშინდელ თამაშს Calcionapoli24 გამოეხმაურა.
"19 წლის გიორგი კვერნაძისადმი დე ლაურენტისის "ნაპოლი" დიდ ყურადღებას იჩენს. კვარაცხელიას სენსაციის მერე, "აძური" საქართველოში იმ ნიჭიერ თავდამსხმელს უმიზნებს, რომელიც ხვიჩას ბევრი რამით ჰგავს - მარცხენა ფრთაზე თამაშობს, მემარჯვენეა, ძლიერად ურტყამს და დრიბლინგითაა გამორჩეული.
კვარაცხელიასა და კვერნაძეს საერთოა "დინამო ბათუმიც". 19 წლის ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ სწორედ იქ გადავიდა და "შტურმ გრაცს" ულამაზესი გოლი გაუტანა, შორეულ კუთხეში. ამ მოქმედებით იგი თავის თანამემამულეს გაგახსენებთ," - ვკითხულობთ სტატიაში.
გეტყვით, რომ კვერნაძე "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია. "თელავის" მაისურით გასულ სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა.