

ლა ლიგის მე-19 ტურში მორიგი მარცხი განიცადა ჯენარო გატუზოს "ვალენსიამ". "ღამურები" ამჯერად "ვალიადოლიდთან" საგარეო მატჩში დამარცხდნენ, ანგარიშით 0:1.
90-ე წუთამდე მოედანზე უგოლო ფრე ფიქსირდებოდა, თუმცა მასპინძლებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს, ის კი კაილ ლარინმა დააგვირგვინა. დარტყმა ახლო მანძილიდან განხორციელდა და გიორგი მამარდაშვილს მისი მოგერიების შანსი არ ჰქონია.
მიუხედავად მარცხისა, 22 წლის კიპერს საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა. მან 4 სეივი მიითვალა და რომ არა "ვალიადოლიდის" გვიანი გოლი, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების კარგი შანსიც ექნებოდა.
მამარდას კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა Superdeporte-სთვის, რომელმაც ქართველს ვრცელი სტატია მიუძღვნა:
"მამარდაშვილის საოცრებები ხოსე სორილას სახელობის არენაზე. "ვალენსიას" მეკარე რამდენიმე წუთის განმავლობაში სუპერგმირად გარდაიქმნა და ეს უმეტესწილად მეორე ნახევარზე ითქმის, თუმცა დაცვის ხაზის სისუსტე გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა და "ვალენსიამ" მაინც წააგო.
შეხვედრის სტარტი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ გიორგის მშვიდი თამაში ელოდა. "ვალენსია" დომინირებდა და მოწინააღმდეგის სწრაფ კონტრშეტევებს ეფექტურად ახშობდა. ქართველი კიპერი საკუთარ საჯარიმოში კომფორტულად იყო და მის ერთადერთ ამოცანას ბურთის თამაშში შეყვანისას კარგ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელის პოვნა წარმოადგენდა. ეს მისთვის მნიშვნელოვანია. თუ გატუზოს კარისკენ არ მიუთითეს, იერიშების სიღრმიდან დაწყება და ფეხით თამაში "ვალენსიას" სათამაშო სტილის ნაწილი მომავალშიც იქნება.
მეორე ტაიმში დადგა პერიოდი, როცა მამარდაშვილს "ვალენსიას" გადარჩენა რამდენჯერმე მოუხდა. 20 წუთის შუალედში მან 4 სეივი მიითვალა, მაგრამ "ვალიადოლიდის" გოლის ეპიზოდში უძლური იყო, "ვალენსიამ" კი ქულა ისევ ხელიდან გაუშვა. მამარდაშვილი გიგანტი გახლდათ, ოღონდ მანაც კი ვერ აირიდა მარცხი, რომელიც "ღამურების" დაცვის ხაზის სისუსტემ განაპირობა."
"ვალენსიას" ლა ლიგის 18 ტურში 20 ქულა აქვს აღებული და მე-14 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩი "ლოს ჩეს" 2 თებერვალს მადრიდის "რეალთან" ელოდება.