

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლის" მეტოქე "მილანი" იქნება.
"როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ თავიანთი მომავალი მეტოქის ვინაობა ვარჯიშის დროს შეიტყვეს. გამოცდილმა სპეციალისტმა კომენტარი "პარტენოპეის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.
"კენჭისყრას ვარჯიში დაემთხვა. მეოთხედფინალში ნებისმიერ გუნდთან შეხვედრა რთული იქნებოდა. ამ ეტაპზე თამაში მოტივაციას გვაძლევს. აქ ყოფნა დავიმსახურეთ და წინსვლა გვსურს. ჩვენ ვართ "მილანი" და მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.
"ნაპოლი" ძლიერი გუნდია. სერია ა-ში ჩვენზე უკეთ გამოდის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა ტურნირია.
გავიგე თუ არა, რა თქვა სპალეტიმ? შეტყობინება არ მიმიღია (იცინის). ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. ის კარგი სპეციალისტია.
რატომაც არ უნდა გვჯეროდეს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების? "ნაპოლისთან" მატჩებს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ. ეს ვიცი, მაგრამ ჯერ სერია ა-ში უნდა ავიღოთ ქულები.
ლეაუ თუ კვარაცხელია? რომელიმეს გამორჩევა ძნელია. მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. ლეაო კარგად ვარჯიშობს, სიმშვიდეს ინარჩუნებს და უნდა, რომ შედეგიანობა გაზარდოს. დარწმუნებული ვარ, შეტევის ხაზში ისევ მთავარი ფიგურა იქნება. მან გოლი რომც არ გაიტანოს, მოწინააღმდეგის მცველებს მაინც დიდ პრობლემებს უქმნის. უგოლობა მისი იმედგაცრუების საფუძველი არ არის. რაფასგან გოლებს ველოდებით, მაგრამ ის მათ გარეშეც სასარგებლოა," - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მატჩები 12 და 18 აპრილს გაიმართება.