

სერია ა-ს 27-ე ტურში "ნაპოლის" "ტორინოსთან" ელის მატჩი. პიემონტური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტებმა მას ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერების გზაზეც ჰკითხეს.
"მსგავსი იტალიური გუნდი არასდროს მინახავს. ბევრი ვარსკვლავი არ ჰყავთ, მაგრამ საოცრად კომპაქტურად თამაშობენ. ყველაფერში ფანტასტიკურები არიან. ევროპას ცოტა თუ ახსოვს ასეთი გუნდი.
კვარას გაჩერება შეუძლებელია. თუ მასზე ორმაგ მეურვეობას დააწესებ, თავისუფალ ადგილებს დაუტოვებ მარიო რუის ან სხვა ნახევარმცველებს. პირველ მატჩში კოფი ჯიჯიმ ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა არ ვიცი, შეეძლება ხვალ თუ არა მოედანზე გასვლა.
კვარას წინააღმდეგ უბრალოდ პირჯვარი უნდა გადაიწერო და იმედი გქონდეს, რომ ეს მისი დღე არ იქნება," - თქვა იურიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ტურინულ-ნეაპოლური ჯახი ხვალ, თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.