• 17-05-2024
    ჩავისი ახლა აღარავის სჯერა - სრული ქაოსი "ბარსელონაში"
    ჩავისი ახლა აღარავის სჯერა - სრული ქაოსი "ბარსელონაში"

    ბოლო საათებში თითქმის ყველა ესპანურმა გამოცემამ ერთხმად დაწერა, რომ ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შეიძლება დაატოვებინონ.

    ამის მთავარი მიზეზი "მაესტროს" მიერ "ალმერიასთან" მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებია. დეკუსა და ლაპორტას აზრით, ჩავი იქ საკუთარ თავს შეეწინააღმდეგა და საკუთარი შემადგენლობისადმი უნდობლობა გამოავლინა.

    დავიდ ბერნაბეუ რევერტერის თქმით, ჩავისი ახლა არც კლუბის პრეზიდენტს სჯერა და არც ხელმძღვანელობის წევრებს.

    "როცა წინ სრული გულწრფელობის გარეშე მიდიხარ, ეს ხდება. როცა პრობლემებს გადაუჭრელად მალავ, ეს ხდება. არ ვიცი, დასასრულს ვუყურებთ თუ არა, მაგრამ როდესაც დრო დადგება, ეს კარგად მაინც არ დამთავრდება, არ აქვს მნიშვნელობა, თუ როდის," - წერს SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

    DirectoGOL-ის მიხედვით, "ბარსას" "ალმერიასთან" რომ წაეგო, ჩავის გუშინვე გაათავისუფლებდნენ. ლაპორტას გუნდთან ერთად არ უმგზავრია, რადგან 44 წლის სპეციალისტზე გაბრაზებულია და მთავარი მწვრთნელის დათხოვნას განიხილავს.

    საინტერესოა Relevo-ს ინფორმაციაც:

    "ამბობენ, რომ "ბარსელონაში" ახლა პოლიტიკა ფეხბურთზე გაცილებით დიდი დოზითაა. ჩავის დარჩენას "ბარსას" ბორდისგან სრული მხარდაჭერა არასდროს ჰქონია. ლაპორტასთან დაახლოებული პირები მას მუდამ ალტერნატივის მოძებნისკენ უბიძგებდნენ ხოლმე. ჩავიზე ეჭვები "ჟირონასთან" მატჩის მერე დაბრუნდა. პრეზიდენტმა, რომელიც "მონტილივიზე" ლოჟაში იყო წარმოდგენილი, ბრაზი ვერ შეიკავა და ყვირილი დაიწყო."

    ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მიუხედავად ორიოდ კვირის წინ ჩატარებული პრესკონფერენციისა, სადაც ლაპორტამ, დეკუმ და ჩავიმ ერთობლივად გვამცნეს "მაესტროს" კიდევ 1 წლით დარჩენაზე, სავსებით რეალურია, მომდევნო სეზონს გუნდი ახალი მწვრთნელით შეხვდეს.

    Facebook კომენტარები