• 24-03-2023
    “თელავს” ვარდან მინასიანი გაწვრთნის
    “თელავს” ვარდან მინასიანი გაწვრთნის
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გიორგი ცეცაძემ "თელავის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.


    ცეცაძე აღნიშნულ პოსტზე სომეხმა სპეციალისტმა, ვარდან მინასიანმა ჩაანაცვლა.


    გთავაზობთ მის ინტერვიუს "თელავის" პრესსამსახურთან:


    მას შემდეგ, რაც ყაზახური "თარაზიდან" სამშობლოში დავბრუნდი, თითქმის წელიწადი უქმად ვიყავი. მართალია, ეს პერიოდი ჩემს ძირითად საქმეს არ ვაკეთებდი, თუმცა რამდენიმე ინტერნეტ-პორტალზე სხვადასხვა მატჩებს ვუკეთებდი ანალიზს. ბუნებრივია, პარალელურად მქონდა არაერთი შემოთავაზება, როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი კლუბებიდან, მაგრამ ისეთი წინადადება ნამდვილად არ იყო, რომელიც ჩემს სამწვრთნელო ფილოსოფიას მიესადაგებოდა - თავიდანვე გვითხრა საფეხბურთო კლუბ თელავის" აწ უკვე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა და საუბარიც გავაგრძელეთ...


    რაც შეეხება "თელავში" ჩემს მოსვლას, ცხადია, კლუბის ხელმძღვანელების გეგმებმა და ხედვამ დამაინტერესა - ვიცი, რომ აქვთ გუნდის განვითარებისთვის და წინსვლისთვის პროექტი, რომელიც ზუსტადაც, რომ ახლოსაა ჩემს ფილოსოფიასთან და
    მზად ვარ, გვერდში დავუდგე და ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო.


    ამასობაში, პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარეთ...


    დავიწყებ იქიდან, რომ ცხადია, ვიცოდი, სად მოვდიოდი - "თელავის" თამაში აქამდე სამჯერ ვნახე და ბოლოს, თბილისის "დინამოსთან" მატჩსაც უშუალოდ ტრიბუნიდან ვუყურე, თუმცა სხვა საქმეა, როცა უკვე ახლოს, მინდორზე ეცნობი გუნდს და ფეხბურთელებს. პირველი შთაბეჭდილება ისაა, რომ მომეწონა ბიჭების შემართება და საქმისადმი მიდგომა, ქართველ ფეხბურთელებზე ყოველთვის მაღალი წარმოდგენა მქონდა, ვიცი, მათი ტექნიკური მხარე, როგორ უყვართ ბურთთან ურთიერთობა. ასე რომ, ახლა ამ ყველაფერს ჩემი ფილოსოფია მინდა შევუხამო, გადავცე გუნდს ის, რაც მსურს და მივიღოთ მთავარი - შედეგი!


    დამეთნხმებით, შედეგის მიღწევას, პირველ რიგში, უდიდესი შრომა და ოფლის ღვრა სჭირდება...


    რა თქმა უნდა, ამის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე პოზიტივზე და წარმატებაზე საუბარი. კლუბის ხელმძღვანელებმა მშვენივრად იციან თუ რა არის ამისთვის საჭირო - მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღგვითქვეს ყველანაირად, დანარჩენი კი ჩვენი, სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების გასაკეთებელია, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ იმასაც, რომ დიახ, შედეგი, პირველ რიგში მინდორზე ფეხბურთელთა შრომას მოაქვს


    თქვით, რომ "დინამოსთან" მატჩი უშუალოდ ტრიბუნიდან ნახეთ და ისიც გეცოდინებათ თუ როგორ უყვართ გულშემატკივრებს თავიანთი საყვარელი გუნდი და როგორი ქომაგობაც იციან თელავში - მათ რას ეტყოდით, რას ჰპირდებით?


    დიახ, ვიყავი ტრიბუნაზე და მართლაც ძალიან მოვიხიბლე პუბლიკით - პირდაპირ გეტყვით, გულშემატკივრების დიდი დამსახურება იყო "დინამოსთან" ფრე. მთელი თამაშის მანძილზე გაუჩერებელმა ქომაგობამ ძალიან მაგარი მუხტი მისცა გუნდს და "თელავს" მატჩის ბოლოსკენ ცოტა რომ გამართლებოდა, ეგებ, მოეგო კიდეც.
    ზოგადად, ფეხბურთი ხომ გულშემატკივრებისთვისაა და ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა საშინაო მატჩები ყოველთვის ერთგული ქომაგების წინაშე ჩაატაროს.


    რაც შეეხება დაპირებას, ასე ვიტყვი: ქომაგი ნებისმიერ მატჩში ბრძოლისუნარიან, შემართულ და ერთ მუშტად შეკრულ გუნდს იხილავს მინდორზე, ამის გარანტიას მოგცემთ, დანარჩენი კი გამოჩნდება

    განსაკუთრებული არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ჩემი სტილი და ფილოსოფია მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ თამაში მოწინააღმდეგის მიხედვით უნდა ავაწყოთ, უნდა გავითვალისწინოთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები, სიღრმისეულად შევისწავლოთ ის და მივიღოთ უმთავრესი - შედეგი! რა თქმა უნდა, ახლა ნიუანსებზე არ ვილაპარაკებ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაქვს ჩემი სტილი, ფილოსოფია, საქმისადმი ზედმიწევნით მიდგომა და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები ამ მხრივ მხარს ამიბამენ, რომ მოვიგოთ თამაშები და წარმატებას მივაღწიოთ." -  განაცხადა მინასიანმა.

    Facebook კომენტარები