• 19-02-2024
    კიმიხი ტუხელის ასისტენტს ეჩხუბა - "ბაიერნში" მონასტერი აირია
    კიმიხი ტუხელის ასისტენტს ეჩხუბა - "ბაიერნში" მონასტერი აირია
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნის" კატასტროფული თებერვალი გრძელდება. "რეკორდმაისტერი" გუშინ "ბოხუმს" ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ ჯამალ მუსიალას გოლით მე-14 წუთიდან იგებდა, ჯერ პირველი ტაიმი წააგო, მერე კი მთლიანად მატჩი, ანგარიშით 2:3.

    ბავარიელთა მხრიდან გოლით თავი ჰარი კეინმაც გამოიჩინა, გუნდის ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, დაიო უპამეკანომ კი კიდევ ერთი პენალტი აიკიდა და ისევ გააძევეს.

    "ბაიერნისთვის" არანაკლებ შემაშფოთებელი ამბები მოხდა მატჩის შემდეგაც, როცა ვითარება უშუალოდ გუნდის შიგნით დაიძაბა.

    BILD-ის ინფორმაციით, გასახდელისკენ მიმავალ გზაზე იოზუა კიმიხი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, ცოლტ ლიოვს ეჩხუბა. მცირეოდენი შელაპარაკების შემდეგ ინციდენტი თითქოს ამოწურული გახლდათ, მაგრამ გვირაბში ლიოვმა 29 წლის ნახევარმცველს რაღაც მიაძახა, რამაც კიდევ ერთი აფეთქება გამოიწვია.

    კონფლიქტი მანუელ ნოიერისა და "ბაიერნის" სხვა გამოცდილი ფეხბურთელების ჩარევით განიმუხტა.

    "ვიცი, რაც ხდებოდა. ეს საჯარო განხილვის საგანი არ უნდა იყოს. ჩვენ საფეხბურთო გასახდელში ვართ. როცა ზღვრები დაცულია, მსგავსი შემთხვევები ნორმალურია. ამ შემთხვევაში კი ზღვარს არავინ გადასულა," - თქვა "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა.

    BILD წერს, რომ კიმიხს გულზე არც ტუხელი ეხატება. ბუნდესლიგის მოქმედ ჩემპიონთა შუახაზელი გერმანელ სპეციალისტზე ჯერ კიდევ ზაფხულში გაბრაზდა, როცა კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ისეთ ნახევარმცველს ეძებდა, რომელიც თამაშს მთლიანად გააკონტროლებდა. მერე კი იოზუა იმან გააღიზიანა, რომ "ლევერკუზენთან" მატჩისთვის იგი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

    ასეა თუ ისე, დიდი ალბათობით, ტუხელის "ბაიერნული" დღეები დათვლილია, რაც კიმიხის წისქვილზე უნდა ასხამდეს წყალს, თუმცა გუნდში დარჩენა ბოლომდე ჯერ არც იოზუას აქვს გარანტირებული - კლუბთან კონტრაქტი გერმანელს 2025 წლის ივლისში ეწურება, რამაც შეიძლება მისი ტრანსფერზე დაყენებაც განაპირობოს.

    Facebook კომენტარები