• 25-04-2024
    "პროექტი არ დასრულებულა" - ჩავიმ დარჩენის გადაწყვეტილება ახსნა
    "პროექტი არ დასრულებულა" - ჩავიმ დარჩენის გადაწყვეტილება ახსნა
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "სიუტატ ესპორტივაზე" მოწყობილი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას დაადასტურა, რომ გუნდის მესაჭის თანამდებობაზე რჩება.

    პრესკონფერენციაზე, სადაც "მაესტროს" გვერდით ჟოან ლაპორტა და დეკუ იდგნენ, მან ასეთი განცხადებები გააკეთა:

    "იცით, რომ "ბარსას" დიდი ქომაგი ვარ და ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც კლუბისთვის საუკეთესოა. ყველაზე მთავარი ერთიანობაზე ფიქრია. როცა პრეზიდენტს შევხვდი, მას ჩემი პოზიცია შევთავაზე და მთელი ხელმძღვანელობისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი."

    "ფეხბურთელებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს. მათ დამანახეს, რომ პროექტი უნდა გაგრძელდეს. კარგად ვმუშაობთ. ეს გამარჯვების პროექტია. ფანებმაც მაჩვენეს, რომ ამ გუნდის მწვრთნელობა უნდა გამეგრძელებინა. თავს ძლიერად ვგრძნობ. იანვარში ვფიქრობდი, რომ წასვლა საუკეთესო გამოსავალი იყო, თუმცა აზრი შევიცვალე. ძალიან მადლიერი ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა."

    "ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იყო. იანვარში პრეზიდენტს, დეკუსა და ლაპორტას იმაში ვარწმუნებდი, რაც კლუბისთვის საუკეთესო მეგონა. ახლა გარემოებები შეიცვალა. გუშინ ამაზე პირდაპირ ვისაუბრეთ. მჯერა, რომ პროექტი არ დასრულებულა და ის შეიძლება წარმატებული იყოს."

    "თუ მედია ამბობს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის მიღება მინდოდა, ამას ზიანის მოსაყენებლად აკეთებს. რომ გადავმდგარიყავი, ერთ ევროსაც კი არ ავიღებდი. პრეზიდენტმა ეს იცის. ჩემი კონტრაქტის თანხა მომდევნო მწვრთნელისთვის იყო გამიზნული."

    "გუნდში მუშაობას სამწვრთნელო შტაბი ცვლილებების გარეშე გააგრძელებს. ვფიქრობ, პროფესიონალი და მომზადებული სტაფი მყავს. ისინი "ბარსელონაში" არიან დაბადებულნი. ყველანი მადლიერნი ვართ, რომ მოვითმინეთ და ერთმანეთს მოვუსმინეთ. ახლა შტაბში გადაადგილებები არ იგეგმება."

    შეგახსენებთ, რომ 44 წლის სპეციალისტმა გუნდის დატოვების გადაწყვეტილება 27 იანვარს, "ვილიარეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ გამოაცხადა. პრესა მის შესაძლო შემცვლელებზე დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა, თუმცა, როგორც ხედავთ, ჩავიმ წასვლა გადაიფიქრა.

    Facebook კომენტარები