ევროპა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში „ლიონმა“ ბუქარესტის „სტიაუას“ 4:0 მოუგო, რაშიც მთავარი წვლილი გიორგი მიქაუტაძეს მიუძღვის, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველმა ფორვარდმა მატჩის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა. „როგორც მატჩის წინ ვთქვი, დღეს მოსაგებად უნდა გვეთამაშა, ასეც მოვიქეცით და ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და როცა ამას ვაკეთებთ ბევრი გოლი გაგვაქვს და საპასუხოდ არც ერთს არ ვიღებთ. თავს ყველანი ერთად ვიცავდით და ერთად ვუტევდით, ასეთ დროს კი ჩვენთვის საქმე კარგად მიდის. სასიამოვნოა, როცა გუნდელებს პასს აძლევ და გოლებს იტანენ.
თავს ბედნიერად ვგრძნობთ, მოხარული ვარ კლუბისთვის, ქომაგებისთვის და რა თქმა უნდა, ჩემი თავისთვის. მთავარია, რომ მეოთხედფინალში ვართ და ლიონს წარმოვადგენთ, რადგან ეს არის კლუბი, რომელსაც ევროასპარეზზე თამაში ყოველწლიურად უწევს. ჩვენ შესანიშნავად უნდა ვითამაშოთ, ასე განვაგრძოთ, რადგან ამას ჩვენი გულშემატკივრები იმსახურებენ. რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, ჩვენ მანჩესტერში მოსაგებად წავალთ“. - ციტირებს მიქაუტაძის სიტყვებს Canal+.
შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალში „ლიონის“ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება.