ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში ერთმანეთს ლევერკუზენის "ბაიერი" და მილანის "ინტერი" დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ფარმაცევტების" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ მეტოქისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ვიცით, რომ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ვხვდებით, მაგრამ ვივარჯიშეთ და კარგად ვართ მომზადებულები. "ინტერი" თანმიმდევრული გუნდია და ზუსტად იციან, თუ რა უნდათ. იციან, საით წაიყვანონ თამაში, როგორ მიუდგნენ მას. მათთან დაპირისპირება ფანტასტიკური იქნება.
"ინტერი" სულით გამარჯვებულია. ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იყვნენ და თავიანთი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან. მათ დიდებული ფეხბურთელები და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ, ამიტომ მათ საშინაო კედლებში მიღებას მოუთმენლად ველოდებით.
მილანელებზე მაღალი წარმოდგენის ვარ. მათი ძლიერი მხარე არა მარტო ტოპ ფეხბურთელები, არამედ გუნდურობაცაა. კარგად გამოსდით მაღალი პრესინგის თამაში, აკეთებენ მოკლე და გრძელ გადაცემებს, საჭირო დროს მიმართავენ ტრანზიციებსა და როტაციას, რაც იტალიური ფეხბურთისთვისაა დამახასიათებელი.
ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება," - თქვა ალონსომ.
სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ბაიერი" მილანურ გუნდს მეორედ ხვდება. პირველ ოქტომბერს ისინი "მილანს" დაუპირისპირდნენ და ვიქტორ ბონიფეისის გოლის წყალობით დაამარცხეს.
მეორეადგილოსან "ინტერსა" და მეექვსეადგილოსან "ლევერკუზენს" შორის ცხრილში სხვაობა 3 ქულაა, ამიტომ ხვალინდელ ჯახს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
"ბაი არენაზე" გასამართი მატჩი თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.