ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2024-25 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა - ის ჩემპიონია.
კვარას გზა ჩემპიონობამდე წლების წინ დაიწყო, თუმცა ამ სტატიაში განვლილ სეზონზე ვისაუბროთ.
მიუხედავად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მარცხისა, ხვიჩა სეზონს აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსით ასრულებს.
მოდი დავიწყოთ თავიდან:
ფეხბურთში წარმოუდგენელი ბევრი რამ მომხდარა, მათ შორის კვარას თავსაც, თუმცა 2024 წლის აგვისტოში, როცა მან სეზონი ნაპოლიში დიაწყო, ის ვერც კი წარმოიდგენდა რა ელოდა.
როგორც აღვნიშნე, ხვიჩამ სეზონი პარტენოპეიში დაიწყო. ჩავარდნილი სეზონისა და ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ ამ კლუბისგან გულშემატკივარი არაფერს ელოდა, შესამჩნევიც იყო, თუ როგორი ცარიელი იყო დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი სეზონის სტარტზე.
თუმცა ანტონიო კონტეს გუნდმა ყველა გააკვირვა.
განხორციელდა რამდენიმე ტრანსფერი, რომელთაგანაც გამოსაყოფი სკოტ მაკტოიმენი იყო, რომელიც გასულ სეზონში ნაპოლის ნამდვილ გმირად მოევლინა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, აშკარად ეტყობოდა, რომ ოსიმენის წასვლის შემდეგ ქართველი გუნდის უპირობო ლიდერი იყო. ყველას კარგად გვახსოვს კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს დამოკიდებულება მის მიმართ.
ხვიჩამ ამ სეზონში ნაპოლის რიგებში ყველა ტურნირზე ჯამში 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.
მართალია, ეს სტატისტიკა დიდს არაფერს გვეუბნება, თუმცა კვარაცხელია გასულ სეზონში ნაპოლის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა. ის გოლს+საგოლე პასების სტატისტიკით მეოთხე პოზიციას იკავებდა, ეს ყველაფერი კი მხოლოდ ნახევარ სეზონში.
კვარაცხელიას ნეაპოლური კარიერა რომ შევაჯამოთ, ეს ნახევარი წელი გუნდი მასზე იყო დამოკიდებული. პირადად არაერთი ქულა და გამარჯვება მოუტანა კლუბს, რის გამოც მისი სახელი ნეაპოლის ქუჩებში ისევე უკვდავია, როგორიც დიეგო მარადონასი.
მთელი ამ დროის მანძილზე ხვიჩას მხარესა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის კონტრაქტის განახლების თაობაზე მოლაპარაკებები მიდიოდა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისი ხელფასის სარფიანად გაზრდაზე თანახმა არ იყო.
კვარაცხელია ნაპოლიში წლიურად 1,2 მილიონ ევროს იღებდა, ის კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო და, როგორც ლიდერს და წამყვან მოთამაშეს, რა საკვირველია, უკეთესი ხელშეკრულება უკეთესი პირობებით სურდა, მაგრამ დე ლაურენტისი დათმობაზე არაფრის დიდებით არ წავიდა.
ასეთი ვითარება პირველ რიგში ხელს თავად ფეხბურთელს უშლიდა.
საბოლოოდ გამოჩნდა პარი სენ-ჟერმენი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ ქართული ფეხბურთისთვის რეკორდული თანხა, 80 მილიონი ევრო გადაიხადა. დე ლაურენიტსმა მაინც იხეირა.
როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ტრანსფერი ლუის ენრიკეს პირადი ინიციატივა იყო. ესპანელი სპეციალისტი კვარას ჯერ კიდევ ზაფხულიდან აკვირდებოდა.
იანვარში სიტუაცია ასეთი იყო - ხვიჩამ ნაპოლი სერია ა-ში პირველ ადგილზე დატოვა, გადავიდა პსჟ-ში, რომელიც ლიგა 1-ს დიდი უპირატესობით იგებდა. ფრანგული გუნდის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზონაში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
ლიგის პირველ ორ მატჩში უეფას წესების გამო კვარაცხელია გუნდს ვერ დაეხმარა. საბედნიეროდ მათ მოახერხეს მეტოქეების დამარცხება და 1/16-ფინალის საგზურის მოპოვება, სადაც მათი მეტოქე თანამემამულე რენი იყო, რომელსაც ხვიჩამაც გაუტანა ერთი გოლი.
გავიხსენოთ დებიუტი. 2025 წლის 18 თებერვალი პსჟ - ****. ხვიჩამ ამ შეხვედრაში საგოლე პასი გააკეთა და პარკ დე პრენსზე შეკრებილ პუბლიკას თავი გააცნო.
შემდეგ მონაკოს გაუტანა ლამაზი გოლი და აქედან დაიწყო მისი "გალიდერება".
ობიექტურად რომ შევხედოთ, კვარაცხელია დროის ამ მცირე მონაკვეთში მართლაც გახდა პსჟ-ს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, უსმან დემბელესთან, დეზირე დუესთან და ბრედლი ბარკოლასთან ერთად.
დიდი ფუფუნებაა, როდესაც 4 ასეთი შემტევი გყავს გუნდში, ეს ლუის ენრიკეს თავადაც არაერთხელ აღუნიშნავს.
კვარა გუნდს იდეალურად მოერგო. ბევრი ამ ტრანსფერს ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა ენრიკემ ნამდვილი პარიზული მონსტრი შექმნა, რომელიც ვერავინ გააჩერა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კვარამ ასტონ ვილას გაუტანა, რამაც საბოლოოდ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა.
ნახევარფინალში პსჟ-მ არსენალი გაიარა, რომელმაც ამ ტურნირის მთავარი ვარსკვლავი, მადრიდის რეალი მარტივად დაამარცხა.
და ფინალი...
ფინალამდე გუნდმა 2 თასი უკვე აღმართა, რომელიც არავის გაკვირვებია.
ხვიჩამ თავის სიას ლიგა 1 და საფრანგეთის თასი მიუმატა, თუმცა ყველას ყურადღება პირველი ჩემპიონთა ლიგისკენ იყო.
ფინალში პარიზელებს მეტოქეს მილანის ინტერი ხვდათ, რომელმაც ნახევარფინალში ბარსელონას ძალიან დრამატულ ბრძოლაში მოუგო.
მათ ბოლო 3 წელში მეორედ მიაღწიეს ტურნირის დასკვნით ეტაპამდე, მაგრამ პსჟ თავის ახალ ისტორიას წერდა.
ის რაც ვერ გააკეთა მესიმ, ნეიმარმა, მბაპემ და სხვა ვარსკვლავებმა, გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ - გუნდს მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, რომლისთვისაც მილიარდობით ევროა დახარჯული, თუმცა მხოლოდ ამ პროექტმა გაამართლა.
5:0 ალიანც არენაზე, ამ ანგარიშს ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ პარიზელებმა ინტერი ძალიან მარტივად დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ ნარეძური მეორე ფრონტზე სწორედ ნაპოლის ებრძოდა სერია ა-სთვის, თუმცა ორივეგან დამარცხდა.
რაც მთავარია, პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. დაუვიწყარი მომენტი, როცა ხვიჩა დემბელეს ბურთს სთხოვდა, ერთი-ერთზე გავიდა და მარცხენათი იან ზომერის კარი აიღო.
შემდეგ ის მომენტი ბოლო წუთებზე, როცა ანგარიში სოლიდური იყო, მაგრამ კვარამ დენზელ დუმფრისს დაახლოებით 70 მეტრი სდია, ბურთი წაართვა და ჯარიმა გამოიმუშავა. ეს ნამდვილი საჩემპიონო მენტალიტეტის გამოვლინება იყო.
გაისმა მსაჯის საფინალო სასტვენი და ქართველმაც ემოციები ვერ შეიკავა, ეს მართლაც საქართველოს უდიდესი გამარჯვება იყო.
ვნახეთ მოედანზე ჩასული ხვიჩას ოჯახი, ნიცა და პატარა დამიანე, რომელთა დამსახურებაც, რა საკვირველია, დიდია.
და რაც მთავარია, ხვიჩას ხელებში აღმართული ჩემპიონთა ლიგის თასი, მანამდე კი ის ჩახუტება...
კვარამ სანუკვარი ოცნება აისრულა, მოიგო ის ტურნირი, რომელსაც ბავშვობაში ტელევიზორის წინ უყურებდა, თანაც როგორ მოიგო.
2022 წელს, კვარა და ნაპოლი მეოთხედფინალში მილანთან დამარცხდნენ მატჩში, სადაც ქართველმა პენალტი გააცუდა. ყველას გვახსოვს, როგორ განიცადა ეს დღე კვარამ. თუმცა გავიდა 3 წელი და შრომა დაუფასდა.
არ უნდა გამოგვრჩეს ენრიკეს ძალიან მაგარი დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ, რომელიც მის თითოეულ ინტერვიუსა თუ ქცევაში ჩანს.
ქართველი ძალიან მაგარ სპეციალისტთან მოხვდა, ზუსტად ისეთთან, როგორსაც იმსახურებდა.
ფინალის შემდეგ უცხოური მედია, ყოფილი ფეხბურთელები, ყველა ხვიჩაზე ალაპარაკდა.
მიუნხენიდან პარიზში დაბრუნების შემდეგ გუნდმა თავის სტადიონზე დიდი ზეიმი გამართა, ასევე ფეხბურთელები და შტაბი ეწვივნენ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, რომელმაც კვარაზე იხუმრა, რომ 3 ფილტვი აქვს.
პსჟ-ში გადასვლის შემდეგ კვარას მართლაც საოცარი პროგრესი აქვს, როგორც ტაქტიკურად ისე ფიზიკურად, ეს საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმაც და ვილი სანიოლმაც აღნიშნა. კვარაცხელია ნამდვილ სუპერვარსკვლავად ყალიბდება.
ერთკვირიანი დასვენების შემდეგ კლუბი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ელოდა.
ეს ტურნირი ალბათ მაინც ჩავარდნილად უნდა გამოცხადდეს, რადგან თავად ფეხბურთელებსაც ეტყობოდათ, რომ აშშ-ს დროით შუადღის 12, 1, 2 საათზე თამაში არ სიამოვნებდათ. არც მაყურებელი დარჩა აღფრთოვანებული.
რაც არის, არის, ხვიჩამ თავის გუნდთან ერთად ფინალამდე მიაღწია, თუმცა სამწუხაროდ ლონდონის ჩელსისთან 3:0 დამარცხდა.
ამ მარცხზე ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა, პირველ რიგში გადაღლილობამ. შეუძლებელია ყველა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარო და პსჟ-ს სწორედ აქ მოუწია კრახის მიღება, თუმცა რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება.
კვარაცხელიას ისტორიული სეზონის მონაგარი ასეთია: სერია ა (ნაპოლი), ლიგა 1 (პსჟ), საფრანგეთის თასი (პსჟ), ჩემპიონთა ლიგა (პსჟ).
4 დიდი ტიტული ხვიჩას აქტივში, ერთ სეზონში ორი ტოპ ჩემპიონატი, თუმცა ნაპოლიმ აქაც სიცივე გამოიჩინა და ქართველს დამსახურებული მედალი არ გადასცა.
მაგრამ კვარა სერია ა-ს ორგზის ჩემპიონად მაინც ითვლება.
სტატისტიკა ასეთი იყო: 51 მატჩი, 13 გოლი, 11 საგოლე პასი.
კვარას ასეთი რთული და ამავდროულად ასეთი ნაყოფიერი სეზონი ჯერ არ ჰქონია და წინ კიდევ ბევრია, მთავარია არ გაჩერდეს.
კიდევ განვმეორდები, რომ 2024 წლის სექტემბერში ვერავინ იფიქრებდა, თუ ხვიჩას ასეთი წელი გამოუვიდოდა, თუმცა ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე.
მან შანსი მიიღო, გამოიყენა და სულ რაღაც რამდენიმე თვეშო პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა.
წინ კიდევ ბევრი ჩემპიონობა და ბევრი ბედნიერი წუთები ელის კვარას და, რა თქმა უნდა, ქართველებს, რომელთა გულშემატკივრობას ხვიჩა ყველგან ხმამაღლა აღნიშნავს.
ახლა მთავარი მიზანი საქართველოს ფორმით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონია - მან ამ სეზონში ეს წოდება ოფიციალურად მოიპოვა.